მახათას მთაზე სამეცნიერო-კვლევითი და კულტურულ-საგანმანათლებლო ცენტრი აშენდება
მახათას მთაზე, ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატის სახელობის მშენებარე ტაძრის მიმდებარედ სამეცნიერო-კვლევითი და კულტურულ-საგანმანათლებლო ცენტრ-მუზეუმი აშენდება.
შეთანხმება საპატრიარქოს, მთავრობასა და ფონდ „ივერიისას“ შორის გაფორმდა. დოკუმენტს ხელი მოაწერეს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა, ილია მეორემ და საზოგადოეა „ივერიისა“ თავმჯდომარე გიორგი თავაძემ.
შეხვედრას პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე და მთავრობის წევრები ესწრებიან. მუზეუმი საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი იქნება, მასში განთავსებული საეკლესიო საგანძურის მოვლა-პატრონობას მთავრობა უზრუნველყოფს.
როგორც ვიცე-პრემიერმა, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, მაია ცქიტიშვილმა განაცხადა, მახათას მთაზე, სამეცნიერო-კვლევით და კულტურულ-საგანმანათლებლო ცენტრ-მუზეუმში სხვადასხვა მუზეუმებსა და საცავებში არსებული ექსპონატების გადატანაც მოხდება. სამეცნიერო-კვლევითი და კულტურულ-საგანმანათლებლო ცენტრ-მუზეუმის მშენებლობა დაახლოებით ორ წელიწადში უნდა დასრულდეს.
„ეს არის სამმხრივი პროექტი, იდეა, რომელიც ერთობლივად შეიქმნა და შემდგომში ამ იდეის განხორციელებაც ასევე ერთობლივად უნდა მოხდეს. მნიშვნელოვანია, რომ ეს პროექტი მოგვცემს საშუალებას, შევქმნათ თანამედროვე საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი სამუზეუმო სივრცე, მაგრამ კიდევ უფრო მნიშვნელოვანია, რომ ეს იქნება საგანმანათლებლო, კვლევითი ფუნქციის მატარებელი სივრცე, სადაც ჩვენს ახალგაზრდებსაც შეეძლებათ, კვლევითი და საგანმანათლებლო პროცესებში ჩართვა“, – განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.