საქართველოს პრეზიდენტის მეუღლემ მაკა ჩიჩუამ ალილოს მონაწილეებს ტკბილეული გადასცა.
როგორც პირველმა ლედიმ აღნიშნა, მისთვის ქრისტეს შობის დღესასწაული განსაკუთრებულია.
”ჩემთვის ქრისტესშობა განსაკუთრებული დღესასწაულია. ყველაზე მეტად მიყვარს, რადგანაც როცა წარმოვიდგენ პატარა იესოს როგორ წევს ბოსელში, თივაზე თავის მშობლების გარემოცვაში და ზრუნვაში, სულ წარმომიდგება ღვთისმშობელი და მისი სახით ყველა დედა მთელს დედამიწაზე. ასე რომ, ყველას გილოცავთ ამ უმშვენიერეს დღესასწაულს და ჩვენს გულებში მუდამ ცხოვრობდეს იესო, როგორც ის პატარა ჩვილი, გულწრფელი ადამიანი, ვინც გაგვინათა გზა და დღემდე გვიკვლევს ამ გზას კეთილად და კარგად”, – აღნიშნა მაკა ჩიჩუამ.
თბილისში საშობაო ალილო იმართება. შობის დღესასწაულთან დაკავშირებით მსვლელობა „ვარდების მოედნიდან“ დაიწყო.
ალილოზე შეგროვებული ტკბილეული და საჩუქრები 8 იანვარს დახარისხდება და ბავშვთა სახლებს, მოხუცთა თავშესაფრებსა და სასჯელაღსრულების დაწესებულებებს დაურიგდება.
ალილოს ტრადიცია საქართველოში V-VI საუკუნიდან იღებს სათავეს. მისი აღნიშვნა ბოლო რამდენიმე წელია, აღდგა.