მაკა ბოჭორიშვილმა უნგრეთის საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრები გამართა
ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, მაკა ბოჭორიშვილმა ევროკავშირის მიმდინარე თავმჯდომარეობის ფარგლებში უნგრეთის საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრები გამართა.
მხარეებმა იმსჯელეს ორმხრივი თანამშრომლობის საკითხებსა და დღის წესრიგზე, ასევე საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობების დინამიკაზე და უნგრეთის ევროკავშირის თავმჯდომარეობის ფარგლებში ევროკავშირთან თანამშრომლობაზე.
მაკა ბოჭორიშვილმა მადლობა გადაუხადა უნგრელ კოლეგებს საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე მტკიცე მხარდაჭერისთვის. თავის მხრივ, უნგრეთის მხარემ კიდევ ერთხელ დაადასტურა საქართველოს მიმართ მხარდაჭერა და ხაზი გაუსვა ევროკავშირის გაფართოების პოლიტიკის მნიშვნელობას, როგორც უნგრეთის თავმჯდომარეობისთვის პრიორიტეტს.
ვიზიტის ფარგლებში მაკა ბოჭორიშვილმა შეხვედრები გამართა უნგრეთის ეროვნული ასამბლეის ევროკავშირის საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარესთან, ზოლტან ტეშეისთან, საგარეო და ვაჭრობის სამინისტროს სახელმწიფო მდივანთან, პიტერ სტარაისთან, ევროკავშირის საქმეთა მინისტრის მოადგილესთან, ბარნა პალ ჟიგმონდისთან, ასევე სახელმწიფო მდივნის მოადგილესთან, ბალაშ მოლნერთან და ევროკავშირის პრეზიდენტობის საკითხებში კომისართან, ბაგლარკა ბოიასთან.
ინფორმაციას საქართველოს პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.