მაკა ბოჭორიშვილმა შვედეთის ელჩთან საქართველოს ევროინტეგრაციასთან დაკავშირებული საკითხები განიხილა
მაკა ბოჭორიშვილმა შვედეთის ელჩთან შეხვედრა გამართა.
ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, მაკა ბოჭორიშვილმა საქართველოში შვედეთის სამეფოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან, ანა ლიბერგთან გამართა შეხვედრა.
მხარეებმა საქართველოსა და შვედეთის სამეფოს შორის ორმხრივი და მრავალმხრივი თანამშრომლობის საკითხები განიხილეს და მათი გაძლიერების შესაძლებლობებზე იმსჯელეს. შეხვედრისას ისაუბრეს საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციასთან დაკავშირებული საკითხებზე და რეკომენდაციების შესრულების პროცესზე.
მაკა ბოჭორიშვილის განცხადებით, საქართველო გააგრძელებს რეფორმების გზას, რათა ქვეყანა მზად იყოს ევროკავშირის წევრობისთვის. მან ხაზი გაუსვა ქვეყნის ეკონომიკური განვითარების პრიორიტეტს, ხალხთა და ბიზნესწრეებს შორის კავშირების ხელშეწყობას და ამ პროცესში ევროკავშირსა და მის წევრ ქვეყნებთან თანამშრომლობის მნიშვნელობას.
შვედეთის ელჩმა ქართულ მხარეს მიულოცა ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭება და პოზიტიურად შეაფასა ორ ქვეყანას შორის მრავალწლიანი თანამშრომლობა. მან აღნიშნა, რომ შვედეთი მხარს უჭერს საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციას და მზად არის, დახმარება გაუწიოს ქვეყანას ყველა საჭირო მიმართულებით. შეხვედრისას მხარეები შეთანხმდნენ ორ ქვეყანას შორის საპარლამენტთაშორისო ურთიერთობის გაღრმავების კუთხით თანამშრომლობაზე.
ინფორმაციას საქართველოს პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.