მაკა ბოჭორიშვილმა ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის ბიუროს სხდომაში მიიღო მონაწილეობა
ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, მაკა ბოჭორიშვილმა ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის ბიუროს სხდომაში მიიღო მონაწილეობა.
ბიუროს არაოფიციალური სხდომა ვიდეოკონფერენციის ფორმატში, ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის თანაპრეზიდენტების, მაკა ბოჭორიშვილისა და ანდრიუს კუბილიუსის თანათავმჯდომარეობით გაიმართა.
სხდომის ფარგლებში აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში მიმდინარე პოლიტიკური ვითარება მიმოიხილეს.
სიტყვით გამოსვლისას მაკა ბოჭორიშვილმა საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე, ევროპული პერსპექტივის მინიჭების შემდეგ საქართველო-ევროკავშირის დღის წესრიგსა და ევროკომისიის 12 რეკომენდაციის შესრულების მიმდინარეობაზე ისაუბრა.
ბიუროს წევრებმა ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის მეათე ყოველწლიური პლენარული სესიის საორგანიზაციო საკითხები და 2023 წლისთვის განსახორციელებელი აქტივობები დაგეგმეს.
სხდომაში ევროპარლამენტის წევრები და აზერბაიჯანის, მოლდოვის, საქართველოს, სომხეთისა და უკრაინის დელეგაციების ხელმძღვანელები მონაწილეობდნენ.
ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის თანაპრეზიდენტად, როტაციის პრინციპით, მოლდოვის რესპუბლიკის მუდმივმოქმედი დელეგაციის ხელმძღვანელი ინა კოსერუ აირჩიეს.
ინფორმაციას საქართველოს პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.