მაკა ბოჭორიშვილმა და ლევან ქარუმიძემ გერმანიის კანცლერის ოფისსა და საგარეო საქმეთა სამინისტროში შეხვედრები გამართეს
მაკა ბოჭორიშვილმა და ლევან ქარუმიძემ გერმანიის კანცლერის ოფისსა და საგარეო საქმეთა სამინისტროში შეხვედრები გამართეს

ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მაკა ბოჭორიშვილი და თავმჯდომარის პირველი მოადგილე ლევან ქარუმიძე გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის კანცლერის აპარატის ევროკავშირის წევრ ქვეყნებთან ევროპული პოლიტიკისა და ევროკავშირის საგარეო ურთიერთობების ჯგუფის ხელმძღვანელს, ედგარ ლენსკის, გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროში აღმოსავლეთ ევროპის, სამხრეთ კავკასიისა და ცენტრალური აზიის ქვეყნებზე სპეციალურ წარმომადგენელს, მათიას ლუტენბერგსა და ევროკავშირის საგარეო ურთიერთობების, სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების დეპარტამენტის ხელმძღვანელს, ლაურა არენსს შეხვდნენ.

მხარეებმა საქართველოს მიერ ევროკავშირის წევრობაზე გაკეთებული განაცხადი, ევროინტეგრაციის პროცესში მიღწეული პროგრესი, რეგიონში არსებული უსაფრთხოების გამოწვევები ასევე, რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაცია და ანექსიისკენ გადადგმული ნაბიჯები განიხილეს.

მაკა ბოჭორიშვილმა ყურადღება გაამახვილა საქართველოს მიერ ასოცირების შესახებ შეთანხმებით გათვალისწინებული რეფორმების დიდი ნაწილის წარმატებით იმპლემენტაციაზე და აღნიშნა, რომ საქართველო გააგრძელებს ევროკავშირის სტანდარტებთან კიდევ უფრო დაახლოებას.

მან უკრაინაში რუსეთის მიერ წარმოებული სამხედრო აგრესიის ფონზე, ევროკავშირისა და მისი წევრი სახელმწიფოების მხრიდან საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვისთვის ევროკავშირის წევრობის ცხადი პერსპექტივისა და კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მონიჭების მნიშვნელობას და ამით, ამ ქვეყნებისადმი მკაფიო მხარდამჭერი პოლიტიკური გზავნილის გაკეთების მნიშვნელობას გაუსვა ხაზი.

მაკა ბოჭორიშვილმა მათ გერმანიის მხრიდან საქართველოს დემოკრატიული განვითარების და ევროკავშირთან დაახლოების ურყევი მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

გერმანელმა კოლეგებმა დადებითი შეფასება მისცეს საქართველოს მიერ ევროკავშირში ინტეგრაციისთვის გადადგმულ ნაბიჯებსა და შეფასების კითხვარის დროულად შევსებას. მათ საქართველოს ევროპული მისწრაფებების მიმართ გერმანიის მტკიცე მხარდაჭერა კიდევ ერთხელ დაადასტურეს.

ინფორმაციას საქართველოს პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.