მაკა ბოჭორიშვილმა ბუნდესტაგის ევროკავშირის საკითხთა კომიტეტს სიტყვით მიმართა
მაკა ბოჭორიშვილმა ბუნდესტაგის ევროკავშირის საკითხთა კომიტეტს სიტყვით მიმართა

ბუნდესტაგის ევროკავშირის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის ანტონ ჰოფრაიტერის სპეციალური მოწვევით, საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, მაკა ბოჭორიშვილმა დელეგაციის წევრებთან ერთად, ბუნდესტაგის ევროკავშირის საკითხთა კომიტეტის სხდომაში მიიღო მონაწილეობა.

მაკა ბოჭორიშვილმა საქართველო-გერმანიის მრავალწლიანი ნაყოფიერი თანამშრომლობის, ასევე საქართველოს ევროპული მისწრაფებებისა და ევროკავშირში გაწევრიანების კუთხით გადადგმული ნაბიჯებისა და რეგიონში არსებული გამოწვევების ფონზე ჩვენი ქვეყნისთვის გერმანიის მხარდაჭერის მნიშვნელობაზე ისაუბრა.

კომიტეტის თავმჯდომარემ სიტყვით გამოსვლისას ხაზი გაუსვა ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესში საქართველოს მიერ მიღწეულ პროგრესს და განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა 3 მარტს ევროკავშირის წევრობაზე გაკეთებულ განაცხადსა და ევროკომისიის მიერ გადმოცემული კითხვარის დროულად შევსებაზე.

საქართველოს პარლამენტის წევრებმა საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციისა და უკრაინაში რუსეთის სამხედრო აგრესიის ფონზე რეგიონში უსაფრთხოების გამოწვევებზე ასევე, საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვისადმი ევროკავშირის მხრიდან მკაფიო მხარდაჭერის აუცილებლობაზე ისაუბრეს. ამ კონტექსტში, ასოცირებული ქვეყნებისათვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭების მნიშვნელობაზე გაამახვილეს ყურადღება.

მაკა ბოჭორიშვილმა გერმანელ კოლეგებს მადლობა გადაუხადა საქართველოს დემოკრატიული განვითარების, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის, ასევე ევროპული მისწრაფებების მხარდაჭერისთვის და აღნიშნა, რომ გერმანიას, როგორც ევროპის წამყვან ეკონომიკასა და დემოკრატიას, აქვს შესაძლებლობა უდიდესი როლი შეასრულოს ევროპისთვის ამ ისტორიულ მომენტში.

შეხვედრაში მონაწილეობა მიიღეს ბუნდესტაგის ევროკავშირის საკითხთა კომიტეტის წევრებმა – აქსელ შეფერმა, იოჰანეს შრაპსმა, ფაბიან ფუნკემ, დეტლეფ საიფმა, კნუტ აბრაჰამმა, ტობიას ვინკლერმა, გუნტერ კრიჰბაუმმა, რობინ ვაგენერმა, ანდრეი ჰუნკომ და საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის წევრებმა ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ლევან ქარუმიძემ და კომიტეტის წევრებმა თეონა აქუბარდიამ და ჰერმან საბომ.

ინფორმაციას საქართველოს პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.