ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, მაკა ბოჭორიშვილმა ბრიუსელში, სამუშაო ვიზიტის ფარგლებში ორმხრივი შეხვედრები გამართა საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირში რუმინეთის მუდმივ წარმომადგენელთან, კალინ უნგურთან და ევროკავშირში ბულგარეთის მუდმივ წარმომადგენელთან, რუმენ ალექსანდროვთან.
პარლამენტის ინფორმაციით, ასევე, ბრიუსელის ევროპული პოლიტიკის კვლევით ცენტრში (EPC), მრგვალი მაგიდის ფორმატში შეხვედრა გაიმართა ექსპერტებსა და კვლევითი ცენტრების წარმომადგენლებთან.
„შეხვედრებისას საუბარი შეეხო საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭების თაობაზე ევროკომისიის მიერ გაცემულ დადებით რეკომენდაციას და რეკომენდაციების შესრულების პროცესს. ასევე, განიხილეს დეკემბერში ევროკავშირის საბჭოს გადაწყვეტილების პერსპექტივა და წევრი ქვეყნების პოზიციები. მხარეებმა იმსჯელეს ევროკავშირის გაფართოების პოლიტიკასა და, გეოპოლიტიკური კონტექსტიდან გამომდინარე, კანდიდატი ქვეყნების დროულად გაწევრიანების მნიშვნელობაზე. მაკა ბოჭორიშვილმა ისაუბრა ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესში საქართველოს მიერ გადადგმულ ნაბიჯებსა და ასოცირების შეთანხმების ხელმოწერის შემდეგ ქვეყნის მიერ მიღწეულ პროგრესზე, ასევე, რეგიონში საქართველოს სტრატეგიულ მნიშვნელობასა და როლზე“, – აღნიშნულია ოფიციალურ ინფორმაციაში.