მაკა ბოჭორიშვილმა ბერლინში ევროკავშირის გაფართოების საკითხზე გამართულ კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა
ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, მაკა ბოჭორიშვილმა გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრის, ანალენა ბერბოკის მიწვევით, მონაწილეობა მიიღო ბერლინში გამართულ კონფერენციაში სახელწოდებით – „უფრო დიდი და უფრო ძლიერი კავშირი – ევროკავშირის მომზადება გაფართოებისთვის და მომავალი წევრების მზაობა გაერთიანებისთვის“.
კონფერენცია გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ანალენა ბერბოკმა გახსნა. მასში მონაწილეობა მიიღეს ევროკავშირის წევრი და კანდიდატი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებმა, ევროპარლამენტარებმა, ექსპერტებმა.
მაღალი დონის კონფერენციაზე განიხილეს ევროკავშირის გაფართოების პოლიტიკის მნიშვნელობა და ამ კონტექსტში შიდა რეფორმების გატარების აუცილებლობა. საუბარი ასევე შეეხო ევროკავშირის, როგორც გლობალური მოთამაშის როლის გაძლიერებას.
მონაწილეებმა იმსჯელეს იმ მთავარ გამოწვევებზე, რაც დგას ევროკავშირის წინაშე და გავლენას ახდენს გაფართოების პროცესზე. განიხილეს იდეები ევროკავშირში გაწევრიანებამდე კანდიდატი ქვეყნების მეტი ინტეგრაციის ხელშეწყობის მიზნით.
ინფორმაციას საქართველოს პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.