მაკა ბოჭორიშვილმა ბელგიის პარლამენტის მიერ ორგანიზებული პარლამენტთაშორისი კონფერენციის მონაწილეებს სიტყვით მიმართა
მაკა ბოჭორიშვილმა ბელგიის პარლამენტის მიერ ორგანიზებული პარლამენტთაშორისი კონფერენციის მონაწილეებს სიტყვით მიმართა

ჩვენ შევძელით, მოდერნიზაციისკენ გადაგვედგა ნაბიჯები და ვცდილობთ, უკეთ ვუპასუხოთ ჩვენი მოქალაქეების მოთხოვნებს, თუმცა კიდევ ბევრი გამოწვევა გვაქვს გადასალახი, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, მაკა ბოჭორიშვილმა ბელგიის პარლამენტის მიერ ორგანიზებულ პარლამენტთაშორის კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომელიც ევროკავშირის ურბანულ პოლიტიკას ეხება.

„საქართველო გასული წლის დეკემბერში გახდა ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყანა და ამ ისტორიული მომენტიდან იწყება ჩვენი ევროკავშირში გაწევრიანების გზა. ინტეგრაციის პროცესის წარმატებისთვის, რომელიც ჩვენ სხვა კანდიდატ ქვეყნებთან ერთად უნდა გავიაროთ, რა თქმა უნდა, მრავალი მიმართულებით იქნება სამუშაო. საჭიროა პოლიტიკური დიალოგის გაძლიერება არა მხოლოდ ევროკავშირის ინსტიტუტებთან, არამედ ევროკავშირის წევრ ქვეყნებთან სხვადასხვა დონეზე და სხვადასხვა საკითხზე“, – აღნიშნა მაკა ბოჭორიშვილმა.

მისი თქმით, ბელგიაში მიმდინარე პარლამენტთაშორისი კონფერენცია შესანიშნავი შესაძლებლობაა, ერთად იმსჯელონ ისეთ საკითხებზე, რაც, ერთი შეხედვით, სრულიად ადგილობრივი მნიშვნელობისაა, თუმცა სწორედ ამ ადგილობრივი საკითხებისადმი ერთიანი მიდგომები ქმნის ევროპული სისტემის განვითარებისთვის საჭირო საერთო ჩარჩოს.

„საქართველო თავისი ქალაქებით უძველესი ქვეყანაა, რთული ისტორიით, შერეული და საინტერესო არქიტექტურით, თანამედროვე მოთხოვნებით და ახალი შესაძლებლობებით, რაც ჩვენს წინაშე იხსნება. ბოლო ათწლეულების განმავლობაში სხვადასხვა გამოწვევამ, რომელთა წინაშეც დავდექით, კონფლიქტმა, რუსულმა აგრესიამ, ენერგო და ეკონომიკურმა კრიზისებმა, ბუნებრივმა კატაკლიზმებმა თავისი გავლენა მოახდინა ურბანულ განვითარებაზე.

ჩვენ შევძელით, მოდერნიზაციისკენ გადაგვედგა ნაბიჯები და ვცდილობთ, უკეთ ვუპასუხოთ ჩვენი მოქალაქეების მოთხოვნებს, თუმცა ჯერ კიდევ ბევრი გამოწვევა გვაქვს გადასალახი იმისათვის, რომ თანამედროვე მოთხოვნებთან ვიყოთ შესაბამისობაში. განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს ევროპული გამოცდილების გაზიარებას ყველა იმ მნიშვნელოვან საკითხზე, რაც ურბანულ განვითარებას შეეხება, იქნება ეს ფინანსები, მოქალაქეთა ეფექტიანი ჩართულობის უზრუნველყოფა თუ ეკოლოგიური საკითხები.

საპარლამენტო დონეზე მსგავსი საკითხების განხილვისას უნდა ვიმსჯელოთ, როგორ შევქმნათ საკანონმდებლო დონეზე მაქსიმალურად თანაბარი შესაძლებლობები ქალაქების სწორი განვითარებისთვის, იმგვარად, რომ ქალაქები იყოს მაქსიმალურად კომპაქტური, მწვანე, მედეგი და კარგად შეკავშირებული. ლოკალური მნიშვნელობის საკითხების გადაჭრა თანამედროვე პირობებში ვერ მოხდება მხოლოდ ადგილობრივი პერსპექტივიდან.

ტექნოლოგიური განვითარება, სხვადასხვა დონეზე გლობალიზაცია, სოციალური თუ მიგრაციული ასპექტები, რა თქმა უნდა, აჩენს იმის საჭიროებას, რომ ადგილობრივი მნიშვნელობის საკითხების გადაწყვეტისას ხედვები იყოს უფრო ფართო. ამისთვის კი აუცილებელი არის ერთმანეთის მოსმენა, საერთო გამოწვევების განსაზღვრა, საუკეთესო გამოცდილების გაზიარება, აკადემიური წრეებისა და სხვადასხვა დარგის სპეციალისტების მეტი ჩართულობა, ვინაიდან პოლიტიკის განსაზღვრა მათი რჩევებისა და მონაწილეობის გარეშე წარმოუდგენელი იქნება“, – განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.