მაკა ბოჭორიშვილი - ყველას კარგად უნდა ჰქონდეს გაცნობიერებული, ქვეყანა როცა არ არის ევროკავშირის და ნატო-ს წევრი, რამდენად მძიმეა ოკუპაციის შედეგები მოქალაქეებისთვის
მაკა ბოჭორიშვილი - ყველას კარგად უნდა ჰქონდეს გაცნობიერებული, ქვეყანა როცა არ არის ევროკავშირის და ნატო-ს წევრი, რამდენად მძიმეა ოკუპაციის შედეგები მოქალაქეებისთვის

საქართველოს წინაშე დგას უმძიმესი გამოწვევა, რომელსაც სახელად ჰქვია ოკუპაცია და რომელიც, სამწუხაროდ, ღირს ჩვენი მოქალაქეების სისხლის ფასი, – ამის შესახებ ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, მაკა ბოჭორიშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, ძალიან მძიმეა, როდესაც რუსეთის საოკუპაციო ძალები პერიოდულად ასეთ მძიმე დანაშაულს ჩადიან და ამას მსხვერპლად ეწირება საქართველოს მოქალაქეების სიცოცხლე.

„ამის შესახებ საერთაშორისო თანამეგობრობას უნდა ჰქონდეს რეაქცია. სწორედ ამიტომ გამოვიყენეთ ჩვენ ეს პლატფორმაც დღეს. ფრანკოფონიის საპარლამენტო ასამბლეაში სწორედ ამ თემაზე ვისაუბრეთ, რომ რუსეთის ოკუპაცია უნდა იყოს მიუღებელი და ამისთვის საერთაშორისო თანამეგობრობამ ყველაფერი უნდა გააკეთოს, რომ რაც შეიძლება სწრაფად დავასრულოთ ოკუპაცია და საქართველოს გამოწვევები, რომლებიც ჩვენ წინაშე დგას. ყველასთვის კარგად იყოს გაცნობიერებული, რომ მაშინ, როდესაც ქვეყანა არ არის არც ევროკავშირის წევრი, არც ნატო-ს წევრი, თუ რამდენად რთულია და რამდენად მყიფეა ის მშვიდობა, რომელშიც ჩვენ ვცხოვრობთ და რამდენად მძიმეა ოკუპაციის შედეგები საქართველოს მოქალაქეებისთვის. ეს არის ჩვენი შესაძლებლობა, რაც გვაქვს, რომ გამოვიყენოთ, საერთაშორისო თანამეგობრობის მაქსიმალურად ინფორმირების მიზნით და მაქსიმალურად მხარდაჭერის მობილიზაციისთვის“, – განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.