მაკა ბოჭორიშვილი - ყველანაირი საფუძველი არის შექმნილი, რომ საქართველოს ჰქონდეს პოზიტიური გადაწყვეტილება ევროკავშირისკენ გზაზე
საქართველოს დელეგაციამ ფრანკოფონიის საპარლამენტო ფორუმიც გამოიყენა, რომ საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების საკითხი გაგვეჟღერებინა იმ ტრიბუნიდან, რომელსაც უსმენდნენ ევროკავშირის წევრი ქვეყნების პარლამენტების წევრები, აგვეხსნა ჩვენი კოლეგებისთვის, რა მნიშვნელობა აქვს საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას ამჯერად, – ამის შესახებ პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, მაკა ბოჭორიშვილმა განაცხადა.
ბოჭორიშვილის თქმით, საქართველომ ძალიან ბევრი რამ გააკეთა რეფორმების კუთხით და ამ მოცემულობაში ნამდვილად საჭიროა, საქართველო იყოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყანა.
„ჩვენ ვესაუბრეთ ასევე ძალიან ბევრ კოლეგას ევროკავშირის წევრი ქვეყნების პარლამენტებიდან და, რა თქმა უნდა, ჩვენი საუბრის მთავარი თემა ასევე არის, მაქსიმალურად მოვახდინოთ ლობირება დედაქალაქებში, რომ საქართველოს დეკემბერში ჰქონდეს გადაწყვეტილება კანდიდატის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით. ეს არის ის, რაც სჭირდება საქართველოს. სხვა მხრივ, ნამდვილად ყველაფერია გაკეთებული იმისთვის, რომ რეკომენდაციების შესრულების კუთხით გვქონოდა კარგი პროგრესი. ამაზეც ჩვენ ვაწვდით ინფორმაციას ჩვენს კოლეგებს და ყველანაირი საფუძველი არის შექმნილი, რომ საქართველოს ჰქონდეს პოზიტიური გადაწყვეტილება ევროკავშირის გზაზე“, – განაცხადა ბოჭორიშვილმა.