მაკა ბოჭორიშვილი - წელიწადზე მეტია, ვხედავთ ოპოზიციის და ე.წ. სამოქალაქო აქტივისტების მხრიდან საქართველოს ევროპული მომავლის წინააღმდეგ მიმართულ დაუღალავ კამპანიას
მაკა ბოჭორიშვილი - წელიწადზე მეტია, ვხედავთ ოპოზიციის და ე.წ. სამოქალაქო აქტივისტების მხრიდან საქართველოს ევროპული მომავლის წინააღმდეგ მიმართულ დაუღალავ კამპანიას

წელიწადზე მეტია, ვსაუბრობთ საქართველოს ევროპულ პერსპექტივაზე და კანდიდატის სტატუსის მოლოდინზე. ახლოვდება იმ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღების დრო, რომელმაც საქართველო ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე ნაბიჯით წინ უნდა წასწიოს, – განაცხადა ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, მაკა ბოჭორიშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე.

მისივე თქმით, წელიწადზე მეტია, „ქართული ოცნება“ ყველაფერს აკეთებს ევროკომისიის რეკომენდაციების შესასრულებლად, იმისათვის, რომ საქართველო პირნათელი იყოს შემდგომი, დეკემბრის გადაწყვეტილების მოლოდინში.

„წელიწადზე მეტია, ვხედავთ ოპოზიციის და ე.წ.სამოქალაქო აქტივისტების მხრიდან საქართველოს ევროპული მომავლის წინააღმდეგ მიმართულ დაუღალავ ძალისხმევას და კამპანიას, მათ შორის, ლობისტური საქმიანობით მიმხრობილი უცხოელი აქტორების მონაწილეობით. ეს ყველაფერი კულმინაციას უახლოვდება. ოპოზიციის მიერ დაგებულ მახეებში, როგორც მოსალოდნელი იყო, თავად ოპოზიცია გაიხლართა და ახლა ზოგიერთები ამაოდ ცდილობენ საზოგადოების თვალში სახის შენარჩუნებას, თუმცა არა შეცდომების აღიარებით, არამედ ერთმანეთის მიმართ ბრალდებების კორიანტელით. ბრალი საქართველოს წინაშე ყველას ერთიანად მიგიძღვით, ვინც კანდიდატის სტატუსი ბრძოლის იარაღად აქციეთ, ევროკომისიის რეკომენდაციების შესრულების პროცესს ბოიკოტი გამოუცხადეთ და ქვეყნის წინააღმდეგ მავნებლურ კამპანიებში იღებთ მონაწილეობას. კარგად გვახსოვს, როგორ მონათლეთ საკუთარი სამშობლო ,,მაჩანჩალად”, მაშინ როდესაც 2014 წლიდან საქართველოს ხელისუფლებამ ყველაფერი გააკეთა, რათა საქართველო დამსახურებულად ყოფილიყო ლიდერი ასოცირებულ სამეულს შორის; კარგად გვახსოვს, როგორ დადეთ ბრალი საკუთარ ქვეყანას და უწოდეთ ,,შავი ხვრელი”, მაშინ როდესაც „ქართული ოცნების“ ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ საქართველომ ღირსეული პარტნიორობა გაუწიოს ევროკავშირს რუსეთისათვის დაწესებული სანქციების აღსრულებაში. ვნახეთ, როგორ იხდით ფულს საკუთარი ქვეყნის ,,გაშავებაში.“ სურათის მეტი სიმძაფრისთვის, საკუთარი ბელადიც კი აშიმშილეთ, სცადეთ საკუთარი სამშობლოს ხან ,,ბელარუსიზაცია”, ხან ,,პუტინიზაცია” და ხანაც ,,გარუსება“, – განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.

მისივე შეფასებით, „ქართული ოცნების“ ხელისუფლების პირობებში მცირდება ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში საჩივრები და მატულობს ისეთი გადაწყვეტილებები, რომლებიც საქართველოში მართლმსაჯულების სამართლიანობაზე მიუთითებენ.

„რუსეთს ჩვენ დავარქვით ,,ოკუპანტი” არა შეძახილებით, არამედ საერთაშორისო სასამართლოში საქმეების მოგებით და სასამართლოს გადაწყვეტილებებით. იმასაც ვხედავთ, როგორ ეთამაშებით ცეცხლს პირდაპირი გაგებით, მაშინ როდესაც „ქართული ოცნების“ ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს, რათა ცეცხლის ალში გახვეულ რეგიონში შეინარჩუნოს მშვიდობა ქვეყანაში. მშვიდობა, რომელიც ყველაზე სანატრელია უახლოეს ისტორიაში რამდენიმე ომს გამოვლილი ქვეყნისთვის. ვხედავთ, როგორ ცდილობთ ქართველი ხალხის და ხელისუფლების ერთმანეთისგან გამიჯვნას“, – განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა და დასძინა, რომ ამ წარუმატებელი იდეის ავტორებს დაავიწყდათ, რომ დემოკრატიულ ქვეყანაში ხელისუფლება ხალხის არჩეულია.

„ისევ საზოგადოებას მოუწია, მიეჩინა თქვენთვის საკადრისი ადგილი, როდესაც სცადეთ ხალხის სახელით სპეკულირება, გიორგი ვაშაძესაც ემახსოვრება ეს ამბავი კარგად. ალბათ ამ წარუმატებელი იდეის წარუმატებელი გაგრძელებაა პრეზიდენტის ფრთის გადაფარება ოპოზიციის ბუდეზეც. იმ ფონზე, როდესაც ვხედავთ ამერიკის შეერთებული შტატების ახალი ელჩის მცდელობას, რომ ამერიკის შეერთებულმა შტატებმა პოზიტიური როლი ითამაშოს საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესის დაჩქარებაში (გახსოვთ ალბათ, ჩვენი სტრატეგიული პარტნიორების მხარდაჭერა სულ ცოტა ხნის წინ აშშ-ისა და ევროკავშირის სამიტის დოკუმენტშიც აისახა), „ნაციონალური მოძრაობის“ ელიტამ სასწრაფოდ გადალახა ატლანტის ოკეანე და ახალი ტყუილების გუდა ჩაიტანა ვაშინგტონში. იქნებ მიხვდეთ, რომ ბრიუსელში და ვაშინგტონში შეიძლება, კიდევ ვინმე შეიყვანოთ შეცდომაში თქვენი დაქირავებული მხარდამჭერების მეშვეობით, მაგრამ ამ ყველაფრის შემხედველ ქართველ ხალხს ვერ მოატყუებთ. მჯერა, რომ ჩვენი ძალისხმევა ლოგიკურ შედეგამდე მიიყვანს ჩვენს ქვეყანას, ქართველ ხალხს და მის მიერ არჩეულ ხელისუფლებასაც. ხალხის სახელით მოვაჭრე ოპოზიციას კი ისევ ქართველი ხალხი გაგცემთ საკადრის პასუხს ყველა იმ მავნებლობისთვის, რასაც ქვეყნის წინაშე ჩადიხართ“, – განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.