მაკა ბოჭორიშვილი - ვერ გავაკეთებ კომენტარს, რამდენად არის უნგრეთის ინტერესში მსგავსი ფორმულით საქართველოს მხარდაჭერა, ჩვენთვის მნიშვნელოვანია, თითოეულმა ქვეყანამ სტატუსს მხარი დაუჭიროს
მნიშვნელოვანია, რომ ევროკავშირის ყველა წევრმა სახელმწიფომ მხარი დაუჭიროს საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას და ეს გადაწყვეტილება ერთსულოვანი იყოს, – ამის შესახებ პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, მაკა ბოჭორიშვილმა საქართველოს პირველ არხს განუცხადა.
ბოჭორიშვილის თქმით, დეკემბერში როგორი პოზიციები დაფიქსირდება, რთული სათქმელია.
„თითოეული სახელმწიფოს პოზიციაზე რაიმეს თქმა რთულია და მსგავსი ინფორმაცია არ მაქვს, მაგრამ ყველა სახელმწიფოს საკუთარი პოზიცია ექნება, რაც უკავშირდება საქართველოსთვის სტატუსის მინიჭებას. თუმცა დეკემბერში როგორი პოზიციები დაფიქსირდება, რთული სათქმელია. თითოეული სახელმწიფოს გადაწყვეტილება მათი ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე იქნება. ვერ გავაკეთებ კომენტარს უნგრეთის ეროვნულ ინტერესებზე, თუ რამდენად არის მათ ინტერესში მსგავსი ფორმულით საქართველოს მხარდაჭერა, თუმცა ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თითოეულმა სახელმწიფომ საქართველოსთვის სტატუსის მინიჭებას მხარი დაუჭიროს“, – განაცხადა ბოჭორიშვილმა.
„რადიო თავისუფლების“ ევროპის ბიუროს რედაქტორი რიკარდ იოზვიაკი აცხადებს, რომ უნგრეთი უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანებას იმ შემთხვევაში მოაწერს ხელს, თუ ევროკავშირის სხვა ქვეყნები საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას დათანხმდებიან.