მაკა ბოჭორიშვილი - უკრაინის ელჩმა მადლობა გადაგვიხადა მხარდაჭერისთვის, რაც საქართველოს მხრიდან უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის დასაცავად გამოიხატება
მაკა ბოჭორიშვილი - უკრაინის ელჩმა მადლობა გადაგვიხადა მხარდაჭერისთვის, რაც საქართველოს მხრიდან უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის დასაცავად გამოიხატება

პარლამენტს ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მაკა ბოჭორიშვილის განაცხადებით, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილთან ერთად საქარველოში უკრაინის ელჩს შეხვდა.

მისივე თქმით, შეხვედრაზე უკრაინაში მიმდინარე მოვლენებზე ისაუბრეს. როგორც მაკა ბოჭორიშვილი ამბობს, საქართველო მხარს უჭერს უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას და გმობს აგრესიას, რაც მეგობარი ქვეყნის წინააღმდეგ ხორციელდება.

„პარლამენტის თავმჯდომარესთან ერთად შევხვდით საქართველოში უკრაინის ელჩს. ჩვენთვის, რა თქმა უნდა, უკიდურესად შემაშფოთებელია ის ვითარება, რაც დღეს უკრაინაშია. უხეშად ირღვევა საერთაშორისო სამართლის ყველა ნორმა და ეს აბსოლუტურად მიუღებელია. პირველწყაროდან მოვისმინეთ ინფორმაცია უკრაინაში მიმდინარე მოვლენებზე, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. გარდა ცხელი შეიარაღებული კონფლიქტისა, სახეზეა საინფორმაციო ომი და მნიშვნელოვანია, გვქონდეს პირველწყაროდან მიღებული ინფორმაცია.

პირველ რიგში, ამას ეხებოდა შეხვედრა. საქართველო, რა თქმა უნდა, მხარს უჭერს უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას და გმობს იმ აგრესიას, რაც ჩვენი მეგობარი ქვეყნის წინააღმდეგ ხორციელდება. მიგვაჩნია, ეს არაა მხოლოდ უკრაინის წინააღმდეგ აგრესია, ეს საფრთხის ქვეშ აყენებს სრულიად ევროპის უსაფრთხოებას.

საქართველოს ხელისუფლება მტკიცე მხარდაჭერას გამოხატავს უკრაინისადმი. უკრაინის ელჩმა მადლობა გადაგვიხადა იმ მხარდაჭერისთვის, რაც საქართველოს მხრიდან გამოიხატება ყველა საერთაშორისო ფორმატის ფარგლებში უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის დასაცავად“, – განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.