მაკა ბოჭორიშვილი - უფრო მნიშვნელოვანი იქნებოდა, პრეზიდენტის მხრიდან აქტივობები მაშინ განხორციელებულიყო, როცა ევროპარლამენტი საქართველოზე გაუმართლებელ რეზოლუციებს იღებდა
უფრო მნიშვნელოვანი იქნებოდა, პრეზიდენტის მხრიდან აქტივობები მაშინ განხორციელებულიყო, როცა ევროპარლამენტი გაუმართლებელ რეზოლუციებს იღებდა საქართველოზე, რამაც სტატუსის მინიჭების პროცესი დააზიანა, – ამის შესახებ პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, მაკა ბოჭორიშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, კარგი იქნებოდა, თუ პრეზიდენტი უფრო ხმამაღლა დაიცავდა საქართველოს პოზიციას.
„პრეზიდენტის ჩარჩოში მოქცევა, რაიმე ახლის დაწესება ან ახალი მოთხოვნების წარდგენა არ ხდება. ყველა თანამდებობის პირმა საკუთარი უფლებამოსილების ფარგლებში და იმ ჩარჩოებში უნდა იმოქმედოს, რაც საქართველოს კონსტიტუციით არის დადგენილი. საქართველოს ხელისუფლებასა და მთავრობას ძალისხმევა არ დაუშურებიათ, რომ საგარეო ფლანგზე მაქსიმალური მობილიზაცია მოგვეხდინა, რათა საქართველოს სტატუსი მიეღო მაშინ, როცა უნდა მიეღო. ამ შემთხვევაში, აქტივობები, რასაც ახლა უყურებთ, უფრო მნიშვნელოვანი იყო, განხორციელებულიყო გასული წლის მაისსა და ივნისში, როცა ევროპარლამენტი გაუმართლებელ და უსაფუძვლო რეზოლუციებს იღებდა საქართველოზე, რამაც სტატუსის მინიჭების პროცესი დააზიანა. კარგი იქნებოდა, თუ მაშინ პრეზიდენტი ბევრად უფრო ხმამაღლა დაიცავდა საქართველოს პოზიციას“, – განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.
მაკა ბოჭორიშვილის განცხადებით, ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს, რომ ქვეყანამ კანდიდატის სტატუსი მიიღოს.
„ოპოზიცია დღესაც აპელირებს, რომ საქართველო არაფერს აკეთებს და არ გაუკეთებია. გამოდის, რომ არაფერი შეცვლილა. მათი ლოგიკით, როგორც მაშინ არ ეკუთვნოდა სტატუსი ქვეყანას, დღესაც არ ეკუთვნის. ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ქვეყანამ სტატუსი მიიღოს, ამისთვის ყველაფერი კეთდება. თქვენი აზრით, ჩვენ პარტნიორებს რაზე ვესაუბრებით? შეგახსენებთ, რამდენიმე კვირის წინ იყო გერმანიის კანცლერთან შეხვედრა და ბუნდესტაგის პრეზიდენტი იმყოფებოდა საქართველოში. გერმანიასთან ურთიერთობის დინამიკა საკმაოდ აქტიურია. გერმანიის მხარდაჭერა გადამწყვეტია ამ პროცესში. რა თქმა უნდა, ყველას აქტიურობას მნიშვნელობა აქვს. თუ ევროპული მომავალი გვინდა, კონსტიტუციისა და კანონის დაცვა აუცილებელია“, – განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.