მაკა ბოჭორიშვილი - სხვა დემოკრატიულ სახელმწიფოებში თუ დასაშვებია, მოქალაქეებს ჰქონდეთ ინფორმაცია მათ ქვეყანაში პოლიტიკის კეთების შესახებ, რატომ არ შეიძლება ეს საქართველოში?
პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, მაკა ბოჭორიშვილმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტთან დაკავშირებით საუბრისას აღნიშნა, რომ, თუ სხვა დემოკრატიული სახელმწიფოების მოქალაქეებს აქვთ შესაძლებლობა, ფლობდნენ ინფორმაციას იმის შესახებ, ვინ არის მათ ქვეყანაში ჩართული პოლიტიკის კეთებაში, გაუგებარია, რატომ არ შეუძლია იმავე შესაძლებლობით საქართველოს მოქალაქეს სარგებლობა?
მისი განცხადებით, აღნიშნული კითხვა სხვებსაც უჩნდებათ, შესაბამისად, გამჭვირვალობის კანონის მოწინააღმდეგეებს ან სათანადო ინფორმაცია არ აქვთ, ან სხვა ინტერესი გააჩნიათ.
„ის თუ დასაშვებია, რომ სხვა დემოკრატიულ სახელმწიფოებში მოქალაქეებს ჰქონდეთ შესაძლებლობა, ფლობდნენ ინფორმაციას პროცესების შესახებ, რომლებიც უკავშირდება მათ ქვეყანაში პოლიტიკის კეთებას, რატომ არ შეიძლება, ეს ინფორმაცია ჰქონდეთ საქართველოში, საქართველოს მოქალაქეებს, როდესაც საქმე ეხება გარკვეული ორგანიზაციების, ამ შემთხვევაში, სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების ჩართულობას პოლიტიკაში, საქართველოში პოლიტიკური გადაწყვეტილებების მიღებაში? რა თქმა უნდა, ეს კითხვა სხვებსაც უჩნდებათ, რატომ არის სრულიად სამყარო მიმართული საქართველოს კანონის წინააღმდეგ, რომელიც ემსახურება ერთადერთ მიზანს, გამჭვირვალობას? აქ არის ერთი ეჭვი, რომ მათ არ აქვთ სათანადო ინფორმაცია ან ეს არის გარკვეული ინტერესი“, – განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.