მაკა ბოჭორიშვილი - შეხვედრები მექნება ჩემს კოლეგებთან ევროკავშირის წევრი ქვეყნებიდან, რათა დეტალურად ვისაუბროთ პროგრესზე და სტატუსთან დაკავშირებულ მოლოდინზე
ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის, მაკა ბოჭორიშვილის განცხადებით, ევროკავშირის წევრი ქვეყნების პარლამენტების საგარეო კომიტეტის თავმჯდომარეების ფორმატი (კოზაკის) არის საუკეთესო შესაძლებლობა ევროკავშირის ყველა წევრი ქვეყნისთვის ქართული მხარის პოზიციების გასაცნობად.
მაკა ბოჭორიშვილის თქმით, ამ შესაძლებლობას მაქსიმალურად გამოიყენებენ.
„ეს არის საუკეთესო ფორმატი, 27-ვე წევრ სახელმწიფოს მიაწვდინო ხმა, ქართული მხარის პოზიციები გააცნო. რა თქმა უნდა, ამ შესაძლებლობას მაქსიმალურად ვიყენებთ. დისკუსიები შეეხება ევროკავშირისთვის მნიშვნელოვან საკითხებს, ევროკავშირის თავმჯდომარეობის პრიორიტეტებს და ამ კონტექსტში ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს საკითხი იყოს პრიორიტეტული. ეს იქნება ჩვენი გზავნილიც, რომ ესპანეთის თავმჯდომარეობის დასრულებამდე, წლის ბოლომდე საქართველოსთან დაკავშირებით პოლიტიკური გადაწყვეტილება იყოს მიღებული, რომელიც ევროკავშირში ჩვენი ინტეგრაციის პროცესს და წინ წაწევას წაადგება. ასევე, ორმხრივი შეხვედრები მაქვს ჩემს კოლეგებთან, ევროკავშირის წევრი ქვეყნების წარმომადგენლებთან, რათა უფრო დეტალურად ვისაუბროთ იმ პროგრესზე, რაც საქართველომ გაიარა, რასაც ვაკეთებთ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მისაღებად და ასევე ვისაუბროთ ჩვენს მოლოდინებზე, რას ველოდებით დეკემბერში ევროკავშირის წევრი ქვეყნებისგან“, – განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა პირველ არხთან საუბრისას.