მაკა ბოჭორიშვილი - შარლ მიშელის ვიზიტი მკაფიო გამოხატულებაა იმ მხარდაჭერისა, რაც ევროკავშირის მხრიდან აქვთ ასოცირებულ პარტნიორებს
ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის ვიზიტი საქართველოში არის ძალიან მკაფიო გზავნილი იმ მხარდაჭერისა, რასაც ევროკავშირი უწევს ჩვენს ქვეყანას, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, მაკა ბოჭორიშვილმა განაცხადა.
დეპუტატის თქმით, განსაკუთრებით აღსანიშნავია, რომ ვიზიტი ხორციელდება საკმაოდ რთულ გეოპოლიტიკურ ვითარებაში, როდესაც რეგიონში ძალიან მნიშვნელოვანი მოვლენები ხდება.
„ამ ფონზე შარლ მიშელის გადაწყვეტილება ეწვიოს სამ ასოცირებულ პარტნიორ ქვეყანას, საქართველოს უკრაინისა და მოლდოვას, არის ძალიან მნიშვნელოვანი გზავნილი. მკაფიო გამოხატულება იმ მხარდაჭერისა, რასაც ევროკავშირის მხრიდან აქვს ასოცირებულ პარტნიორებს. ევროკავშირის პოზიცია ჩვენთვის ცნობილია, ვიცით ევროკავშირის გზავნილები, რომელიც არაერთხელ გავრცელდა უკვე. ბოლო გზავნილი გახლდათ ევროკავშირის საგარეო ქმედებათა განცხადება. ბუნებრივია, ჩვენ ძალიან ყურადღებით ვუსმენთ ევროკავშირის პოზიციას, ისევე როგორც ამერიკის შეერთებული შტატების. გზავნილები არის ის, რომ პოლიტიკური პროცესების დეესკალაცია უნდა მოხდეს ქვეყანაში, პოლიტიკური პროცესი უნდა გაგრძელდეს პარლამენტში, ინკლუზიური უნდა იყოს და ოპოზიცია ჩაერთოს პოლიტიკურ პროცესებში“, – განაცხადა ბოჭორიშვილმა.
ცნობისთის, ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი საქართველოს დღეს ეწვევა. ვიზიტის ფარგლებში, მიშელი შეხვედრებს გამართავს საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან, პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან და პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძესთან.
შარლ მიშელი ასევე შეხვდება პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს.
გარდა ამისა, ევროპული საბჭოს პრეზიდენტი გაემგზავრება საოკუპაციო ხაზთან, რათა პირადად გაეცნოს ადგილზე არსებულ ვითარებას.