მაკა ბოჭორიშვილი - შარლ მიშელის ვიზიტი არის ძალიან მნიშვნელოვანი გზავნილი და სერიოზული მხარდაჭერის გამოხატულება ევროკავშირის მხრიდან
საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მაკა ბოჭორიშვილი აცხადებს, რომ ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის საქართველოში ვიზიტი ძალიან მნიშვნელოვანია.
„ის რეგიონული ტურნეს ფარგლებში ეწვია საქართველოს. ვიზიტს ახორციელებს მოლდოვაში, საქართველოსა და უკრაინაში, ანუ სამ ასოცირებულ პარტნიორ ქვეყანაში, რაც თავისთავად არის ძალიან მნიშვნელოვანი გზავნილი, გამომდინარე იქიდან, თუ რა მოვლენებს აქვს ადგილი „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ რეგიონში“, – აღნიშნა მაკა ბოჭორიშვილმა.
მისივე თქმით, გასულ წელს პანდემიის გამო „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ სამიტის ჩატარება ვერ მოხერხდა და სამიტი წელს იგეგმება.
„შესაბამისად, ძალიან საყურადღებოა ეს მოვლენა ჩვენთვის, რადგან კარგად უნდა მოვემზადოთ „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ სამიტისთვის. ჩვენ გვაქვს ძალიან მყარი პოზიციები ევროკავშირში ინტეგრაციის კუთხით, თუ რა ნაბიჯები უნდა გადაიდგას მოლდოვასთან, უკრაინასთან ერთად. საქართველოს შემუშავებული აქვს მთელი რიგი წინადადებები, რაც არაერთხელ წარვუდგინეთ ევროკავშირის მხარეს. შესაბამისად, ამ კონტექსტში ძალიან მნიშვნელოვანია ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტთან „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ მომავალზე მსჯელობა, თუ რა შეიძლება, გაკეთდეს ასოცირებული პარტნიორებისთვის. ბუნებრივია, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი გზავნილი და სერიოზული მხარდაჭერის გამოხატულება ევროკავშირის მხრიდან, როდესაც ესეთი რანგის პოლიტიკოსი ჩამოდის საქართველოში რეგიონში განვითარებული მოლენების ფონზე“, – განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.
მისი თქმით, ასევე მნიშვნელოვანია, რომ ვიზიტის ფარგლებში შარლ მიშელი მოინახულებს საოკუპაციო ხაზს.
„ესეც არის, ასე ვთქვათ, ძალიან მნიშვნელოვანი გზავნილი ჩვენთვის და რუსეთისთვისაც. ევროკავშირის მხარდაჭერა იცით, რომ არის ძალიან მტკიცე საქართველოს ტერიტორიული მთლიანობასთან დაკავშირებით. შესაბამისად, მისი ვიზიტის ფარგლებში საოკუპაციო ხაზის მონახულებაც არის ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯი“, – აღნიშნა მაკა ბოჭორიშვილმა.
კითხვაზე, შეხვედრების დროს შეეხება თუ არა საუბარი საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებს, მაკა ბოჭორიშვილმა განაცხადა, რომ აღნიშნული თემა იქნება შეხვედრების დღის წესრიგში.
„რა თქმა უნდა, საქართველოში მიმდინარე პოლიტიკური პროცესები იქნება შეხვედრების დღის წესრიგში. ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტი შეხვდება საქართველოს პრეზიდენტს, პრემიერ-მინისტრს , შეხვდება პარლამენტის თავმჯდომარეს. როგორც იცით, შეხვედრა დაგეგმილია ოპოზიციის წარმომადგენლებთანაც. ბუნებრივია, ქვეყნის შიგნით მიმდინარე პოლიტიკური პროცესები იქნება დღის წესრიგში. გზავნილები ვიცით, ევროკავშირის მხრიდან არაერთხელ გაჟღერდა გზავნილები სხვადასხვა დონეზე, მათ შორის, ბოლო გზავნილი იყო ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახურიდან გაკეთებული განცხადება. ევროკავშირი მოუწოდებს პოლიტიკურ პარტიებს, პოლიტიკური პროცესი იყოს ინკლუზიური, ყველაფერი გავაკეთოთ, რათა გვქონდეს დიალოგი და მოხდეს პოლიტიკური პროცესების დეესკალაცია საქართველოში და ოპოზიციამ მუშაობა გააგრძელოს პარლამენტში, პოლიტიკური პროცესები გადმოვიდეს პარლამენტში“, – განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.
ევროპული საბჭოს პრეზიდენტი საქართველოს დღეს ეწვია. შარლ მიშელი ოფიციალურ შეხვედრებს ხვალ დილიდან დაიწყებს.