მაკა ბოჭორიშვილი - შარლ მიშელის მზაობა, ჩაერთოს მოლაპარაკებებში, წარმოადგენს ჩვენი სტრატეგიული პარტნიორის მხარდაჭერის უპრეცედენტო გამოხატულებას
მაკა ბოჭორიშვილი - შარლ მიშელის მზაობა, ჩაერთოს მოლაპარაკებებში, წარმოადგენს ჩვენი სტრატეგიული პარტნიორის მხარდაჭერის უპრეცედენტო გამოხატულებას

შარლ მიშელის მზაობა, პირადად ჩაერთოს საქართველოში პოლიტიკურ პარტიებს შორის მოლაპარაკებებში, წარმოადგენს ჩვენი სტრატეგიული პარტნიორის მხარდაჭერის უპრეცედენტო გამოხატულებას, – ამის შესახებ პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, მაკა ბოჭორიშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, საქართველოში არსებული პოლარიზებული პოლიტიკური ვითარება და პარლამენტის ბოიკოტი ევროკავშირის წუხილის საგანს წარმოადგენს.

დეპუტატმა საქართველოში ევროპული საბჭოს პეზიდენტის ვიზიტის შესახებ ისაუბრა.

„გუშინ, პირველ მარტს შედგა ევროპული საბჭოს პრეზიდენტის ვიზიტი საქართველოში. შეხვედრები გაიმართა საქართველოს პრეზიდენტთან, პრემიერ-მინისტრთან, პარლამენტის თავმჯდომარესთან, ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებთან. ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა ასევე მოინახულა საოკუპაციო ხაზი, ეწვია სოფელ ხურვალეთს. აღსანიშნავია, რომ შარლ მიშელის ვიზიტი ხორციელდება აღმოსავლეთ პარტნიორობის რეგიონის სამ ქვეყანაში – მოლდოვაში, საქართველოსა და უკრაინაში. ვიზიტის განხორციელებაში განსაკუთრებული წვლილი მიუძღვის საქართველოს პრეზიდენტს და ამისთვის მსურს მადლობა გადავუხადო მას. ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტის ვიზიტი წარმოადგენს ევროკავშირის მხრიდან მკაფიო მხარდაჭერის გამოხატულებას ასოცირებული პარტნიორების მიმართ.

აღსანიშნავია, რომ რეგიონში განვითარებული მოვლენები არის ევროკავშირის ყურადღების ცენტრში. შეხვედრებზე გაიმართა სიღრმისეული მსჯელობა ჩვენ წინაშე მდგარი უსაფრთხოების გამოწვევების შესახებ. სწორედ ამ კონტექსტში, ქვეყანაში არსებული პოლარიზებული პოლიტიკური ვითარება, პარლამენტის ბოიკოტი წარმოადგენს ევროკავშირის წუხილის საგანს. ოქტომბერში გამართული საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, ევროკავშირის მხრიდან რეგულარულად ისმოდა მოწოდებები ქვეყანაში ინკლუზიური პოლიტიკური პროცესის აუცილებლობის და ოპოზიციური პარტიების საპარლამენტო ცხოვრებაში ჩართვის თაობაზე. მიუხედავად ჩვენი სტრატეგიული პარტნიორების მცდელობებისა, ვითარების განმუხტვა ამ დრომდე ვერ მოხერხდა და ქვეყანაში პოლარიზაციის დონე კიდევ უფრო გაიზარდა.

ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტის მხრიდან გამოხატული მზაობა, პირადად ჩაერთოს საქართველოში პოლიტიკურ პარტიებს შორის მოლაპარაკებებში და ევროკავშირმა შეასრულოს მედიატორის როლი ამ პროცესში, წარმოადგენს ჩვენი სტრატეგიული პარტნიორის მხარდაჭერის უპრეცედენტო გამოხატულებას და უმნიშვნელოვანეს გზავნილს პოლიტიკური აქტორებისთვის. ევროკავშირისთვის საქართველოს სტაბილური განვითარება, დემოკრატიული პროცესების კანონიერ ჩარჩოებში წარმართვა არის პრინციპულად მნიშვნელოვანი საკითხი.

ევროპული საბჭოს პრეზიდენტის ინიციატივით და მონაწილეობით, გუშინვე გაიმართა შეხვედრა პოლიტიკური პარტიების ლიდერებთან, რომელშიც მონაწილეობა მიიღო საქართველოს პრემიერ-მინისტრმა. შეხვედრის ფარგლებში პოლიტიკური პარტიების მხრიდან გაჟღერდა ყველა ის საკითხი, რაც ქმნის პოლარიზებულ გარემოს ქვეყანაში. საქართველოს პრემიერ-მინისტრის მხრიდან კიდევ ერთხელ დაფიქსირდა მზაობა, რომ პოლიტიკური პროცესები ქვეყანაში წარიმართოს დიალოგის რეჟიმში“, – განაცხადა ბოჭორიშვილმა.

მისივე თქმით, 16-17 მარტს საქართველოს დელეგაცია, პრემიერის ხელმძღვანელობით, ბრიუსელს ეწვევა.

„აქვე უნდა აღინიშნოს, რომ 16-17 მარტს გაიმართება საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საბჭოს მორიგი შეხვედრა და პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით საქართველოს დელეგაცია ვიზიტით ეწვევა ბრიუსელს. ევროპული საბჭოს პრეზიდენტის მხრიდან პირადად გამოითქვა სურვილი, პრემიერ-მინისტრის ბრიუსელში ვიზიტის ფარგლებში გაგრძელდეს მუშაობა დიალოგთან დაკავშირებულ საკითხებზე და იგი პირადად არის დაინტერესებული ნახოს პროგრესი ამ დროისთვის“, – განაცხადა ბოჭორიშვილმა.