მაკა ბოჭორიშვილი - საქართველოსთან მიმართებით ევროკავშირის ქვეყნებს შორის განწყობა პოზიტიურია, კონსენსუსს საფრთხე არ უნდა დაემუქროს
ევროკავშირის წევრ ქვეყნებს შორის პოლიტიკური განწყობა პოზიტიურია. საქართველოსთან დაკავშირებით კონსენსუსს საფრთხე არ უნდა დაემუქროს, – ამის შესახებ ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, მაკა ბოჭორიშვილმა განაცხადა.
ბოჭორიშვილის თქმით, ევროკომისიის რეკომენდაცია ძირითადი საფუძველია ევროპული საბჭოს პოზიტიური გადაწყვეტილებისთვის.
„ვიცით, რომ საკითხი არის გაფართოების პაკეტი და ამ საკითხზე საჭიროა 27 წევრი ქვეყნის თანხმობა, კონსენსუსის მიღწევა. ევროკომისიის რეკომენდაცია ძირითადი და მნიშვნელოვანი საფუძველია პოზიტიური გადაწყვეტილებისთვის. ასევე ვიცით, რომ საქართველოსთან მიმართებით ევროკავშირის წევრ ქვეყნებს შორის პოლიტიკური განწყობა პოზიტიურია და, წესით, საქართველოსთან დაკავშირებულ გადაწყვეტილებას, კონსენსუსს საფრთხე არ უნდა დაემუქროს, თუმცა საკითხი არის კომპლექსური – არის სხვადასხვა ქვეყანა, არის გაფართოების პაკეტი. იმედი გვაქვს, წევრი ქვეყნები ამ საკითხზე კონსენსუსს მიაღწევენ.
ზოგადად, ნებისმიერ საკითხს, რომელსაც ევროკავშირის საბჭო განიხილავს, სჭირდება ევროკავშირის წევრი ქვეყნების პოზიციების დაფიქსირება და შემდგომ კონსენსუსის მიღწევა. ეს არ არის უნიკალური საკითხი, რომელიც გამოირჩევა თავისი სირთულეებით. მოველი, რომ როგორც სხვა შემთხვევებში, ამ შემთხვევაშიც ევროკავშირის წევრი ქვეყნები კონსენსუსს მიაღწევენ“, – განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.