მაკა ბოჭორიშვილი - საქართველოსთან დაკავშირებით უნგრეთის პოზიცია არის მტკიცე, რაც არაერთხელ მოგვისმენია, უნგრეთის მხარდაჭერა რჩება ისევ ისეთი ძლიერი, როგორც აქამდე
უნგრეთის ხელისუფლების მხრიდან საქართველოს საკითხთან დაკავშირებით არსებობს მხარდაჭერა. განსაკუთრებით მაშინ, როდესაც საქმე ეხება საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციას, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ევროინტეგრაციის კომისიის თავმჯდომარემ, მაკა ბოჭორიშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, საქართველოსთვის მნიშვნელოვანია, უნგრეთის მხრიდან არსებობდეს საქართველოს საკითხზე მტკიცე მხარდაჭერა და სასარგებლო იყოს კონსენსუსი, რომელიც მიღწეული იქნება წევრ სახელმწიფოებს შორის.
„ვიცით, რომ საკითხს, რომელიც დეკემბერში დადგება დღის წესრიგში, ევროკავშირის საბჭოში სჭირდება კონსენსუსი, ევროკავშირის ყველა წევრის თანხმობა. ჩვენ გვესმის უნგრეთის პოზიციები, რომელიც გამოითქმის იმ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით, რომელიც ევროკავშირის საბჭომ უნდა მიიღოს. რაც მთავარია, ჩვენთვის აქ ამოსავალი ის არის, რომ რა პროცესებიც ვითარდება და იმ პოზიციებმა, რაც დაფიქსირდება ევროკავშირის საბჭოს ფარგლებში, არ დააზიანოს საქართველოს პოზიცია და საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭება. ამ დრომდე რაც გვესმის ასევე უნგრეთის ხელისუფლების მხრიდან, არის ის, რომ აპელირება კეთდება კონსენსუსის საჭიროებაზე. ბუნებრივია, რომ გადაწყვეტილებას საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით, უკრაინისა და მოლდოვისთვის მოლაპარაკებების გახსნას სჭირდება ევროკავშირის ყველა წევრი სახელმწიფოს თანხმობა. ეს იქნება ინტენსიური ერთი კვირა, ვიდრე ეს გადაწყვეტილება იქნება მიღებული, ინტენსიური განხილვები თავად ევროკავშირის საბჭოს ფარგლებში. გადაწყვეტილების მნიშვნელობიდან გამომდინარე, ბუნებრივია, სხვაგვარი მოლოდინები არც იყო, მაგრამ ამ შემთხვევაში ჩვენთვის მნიშვნელოვანია, უნგრეთის მხრიდან არსებობდეს საქართველოს საკითხზე მტკიცე მხარდაჭერა და კონსენსუსი, რომელიც მიღწეული იქნება წევრ სახელმწიფოებს შორის, ჩვენთვის იყოს სასარგებლო“, – განაცხადა ბოჭორიშვილმა.
მისივე თქმით, საქართველოსთან დაკავშირებით უნგრეთის პოზიცია არის მტკიცე.
„არაერთხელ მოგვისმენია. ეს მხარდაჭერა გამოიხატებოდა ძალიან ინტენსიური ორმხრივი ვიზიტების გაცვლაშიც, ორმხრივ ურთიერთობებშიც და უნგრეთის მხრიდან ეს მხარდაჭერა რჩება ისევ ისეთი ძლიერი, როგორც აქამდე. საქართველოსთვის ეს ძალიან მნიშვნელოვანია, გამომდინარე იქიდან, რომ საქართველოს ევროკავშირის წევრი ქვეყნების მხრიდან სჭირდება აქტიური, ხმამაღალი მხარდაჭერა და უნგრეთი სწორედ ასეთი მხარდამჭერი ქვეყანაა ევროკავშირის საბჭოში, ევროკავშირის წევრ ქვეყნებს შორის და ასეც გაგრძელდება. ის, რა საკითხებზეც მიდის მსჯელობა, რა თქმა უნდა, უნგრეთისთვის ეროვნული მნიშვნელობის საკითხია. ეს ეხება თავად უნგრეთის მოსახლეობას და, ბუნებრივია, პოზიციები გამოითქმის სწორედ აქედან გამომდინარე. რაც მთავარია, აქცენტი კეთდება კონსენსუსის აუცილებლობაზე და იმედი გვაქვს, ეს კონსენსუსი 15 დეკემბერს მიღწეული იქნება წევრ ქვეყნებს შორის“, – განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.
კითხვაზე, რომ ოპოზიცია აკრიტიკებს ვიქტორ ორბანს უკრაინასთან დაკავშირებით დაფიქსირებული პოზიციის გამო, მაკა ბოჭორიშვილმა აღნიშნა, რომ, ზოგადად, მსგავსი კრიტიკა ოპოზიციის მხრიდან უცნაურია.
„უცნაურია, გამომდინარე იქიდან, რომ ორბანი ამ შემთხვევაში გამოხატავს უნგრელი ხალხის პოზიციას. ის არის უნგრეთის ხელისუფალი და ევროკავშირის საბჭოში აფიქსირებს იმ პოზიციებს, რომლებიც, პირველ რიგში, შესაბამისობაში უნდა იყოს უნგრელი ხალხის ინტერესებთან. ახლა იმის თქმა და კრიტიკა, ორბანი არ აფიქსირებს ვიღაცისთვის სასურველ პოზიციას, ბუნებრივია, ეს ასე ვერ იქნება. პირველ რიგში, ნებისმიერი ქვეყნის ხელისუფალი პასუხისმგებელია საკუთარი ხალხის წინაშე. რაც შეეხება თავად საბოლოო პოზიციას, შეთანხმებას, რომელიც ევროკავშირის სხვა წევრ ქვეყნებთან იქნება მიღწეული, ბუნებრივია, ეს შესაბამისობაში უნდა მოდიოდეს ნებისმიერი წევრი სახელმწიფოს ეროვნულ ინტერესებთან. სწორედ ამასთან გვაქვს საქმე და ამას ვუყურებთ ახლა. იმის გაკრიტიკება, რომ რომელიმე ხელისუფალი საკუთარი ხალხის ინტერესებს წარმოადგენს, არ იქნებოდა სწორი და არ არის, ასე ვთქვათ, ხალხისა და ხელისუფლების გაცალკევება, რაც სჩვევიათ ხოლმე ჩვენს ოპოზიციას. ეს ბუნებრივია, ვერ იქნება ვერცერთი დემოკრატიული ქვეყნის ნიშანი და სწორი არ იქნება ამგვარად საკითხის დაყენება“, – განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.