მაკა ბოჭორიშვილი საქართველოში სლოვაკეთის ელჩს, მატუშ ბუშოვსკის შეხვდა
საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, მაკა ბოჭორიშვილმა საქართველოში სლოვაკეთის რესპუბლიკის ახლად დანიშნულ ელჩთან მატუშ ბუშოვსკისთან გაცნობითი შეხვედრა გამართა.
პარლამენტის პრესსამსახურის ცნობით, მაკა ბოჭორიშვილმა ელჩს საქართველოში დიპლომატიური მისიის დაწყება მიულოცა და მომავალ საქმიანობაში წარმატებები უსურვა.
„მხარეებმა საქართველოსა და სლოვაკეთის რესპუბლიკას შორის არსებული წარმატებული ორმხრივი და მრავალმხრივი თანამშრომლობის საკითხები განიხილეს და მათი გაძლიერების შესაძლებლობებზე იმსჯელეს.
ყურადღება დაეთმო ევროინტეგრაციის გზაზე საქართველოს მიერ მიღწეულ პროგრესს და საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების შესახებ ევროკომისიის დადებით რეკომენდაციას. განიხილეს ამ რეკომენდაციების შესრულების პროცესი და შემდგომი ნაბიჯები.
ელჩმა აღნიშნა, რომ სლოვაკეთი მხარს უჭერს საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციას და მზად არის, დახმარება გაუწიოს ქვეყანას ყველა საჭირო მიმართულებით“, – აღნიშნულია პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციაში.
მათივე ცნობით, მაკა ბოჭორიშვილმა მატუშ ბუშოვსკის სლოვაკეთის მიერ საქართველოს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე მტკიცე მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.