მაკა ბოჭორიშვილი - საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის თანამშრომლობა და პარტნიორობა მნიშვნელოვანია როგორც რეგიონულ კონტექსტში, ასევე ევროკავშირთან ურთიერთობის თვალსაზრისითაც
მაკა ბოჭორიშვილი - საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის თანამშრომლობა და პარტნიორობა მნიშვნელოვანია როგორც რეგიონულ კონტექსტში, ასევე ევროკავშირთან ურთიერთობის თვალსაზრისითაც

საქართველოსა და აზერბაიჯანის ურთიერთობები არაერთხელ ყოფილა წარმატებული თანამშრომლობის დასტური მეზობელ ქვეყნებს შორის, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ევროინტეგრაციის კომისიის თავმჯდომარემ, მაკა ბოჭორიშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის თანამშრომლობა და პარტნიორობა ძალიან მნიშვნელოვანია არა მხოლოდ რეგიონულ კონტექსტში, არამედ ევროკავშირთან ურთიერთობის თვალსაზრისითაც.

„ამ ორი ქვეყნის თანამშრომლობა მნიშვნელოვანია იმ პროექტების განსახორციელებლად, რაც ასევე უკავშირდება საქართველოს ფიზიკურად დაკავშირებადობას ევროკავშირთან. ამ პროცესში, რა თქმა უნდა, ორ ქვეყანას შორის ურთიერთობა უნდა იყოს მტკიცე და ერთიანი, ერთიან სტრატეგიაზე დაფუძნებული.

მისასალმებელია, როდესაც მეზობელი ქვეყნის მხრიდან, რომელსაც ასეთი მნიშვნელობა აქვს ჩვენთვის, გვესმის მსგავსი გზავნილები. რაც შეეხება, ზოგადად საქართველოს პოზიციებს ევროკავშირთან ურთიერთობებში და მის გავლენას კავკასიის რეგიონზე, ეს არაერთხელ ყოფილა განხილვის საგანი. ჩვენ ამ თემაზე საუბარს ვაგრძელებთ ევროპელ პარტნიორებთან, გამომდინარე იქიდან, რომ საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციას აქვს არა მხოლოდ საქართველოსთვის განსაკუთრებული დატვირთვა, არამედ რეგიონის ქვეყნებისთვის, როგორებიცაა აზერბაიჯანი და სომხეთი“, – განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.

აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიავმა განაცხადა, რომ აზერბაიჯანი და საქართველო ერთიანი, სტრატეგიულად მნიშვნელოვანი გუნდია ევროპაში.