მაკა ბოჭორიშვილი - საქართველოს სტრატეგიული არჩევანი ევროკავშირში ინტეგრაციის შესახებ დგას ძალიან მყარ საფუძველზე და ამ საფუძველს ამყარებს ხალხის მტკიცე მხარდაჭერა
საქართველოს სტრატეგიული არჩევანი, რომელიც უკავშირდება ევროკავშირში ინტეგრაციას, დგას ძალიან მყარ საფუძველზე და ამ საფუძველს უმყარებს ხალხის მტკიცე მხარდაჭერა, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, მაკა ბოჭორიშვილმა განაცხადა.
მაკა ბოჭორიშვილმა კომენტარი გააკეთა საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) კვლევებზე.
მისივე თქმით, არ არის განსაკუთრებული სიახლე, რომ საქართველოს მოსახლეობის უდიდეს ნაწილს სურს ევროკავშირში გაწევრიანება და ევროატლანტიკურ ორგანიზაციებში საქართველოს ინტეგრაცია.
„ასეთია ჩვენი მოსახლეობის განწყობები დამოუკიდებლობის აღდგენის დღიდან და ეს იზრდება ყოველწლიურად, რაც იმას ნიშნავს, რომ საქართველოს სტრატეგიული არჩევანი, რომელიც უკავშირდება ევროკავშირში ინტეგრაციას, დგას ძალიან მყარ საფუძველზე და ამ საფუძველს უმყარებს ხალხის მტკიცე მხარდაჭერა, რაც არის ძალიან მნიშვნელოვანი სწორედ ჩვენი ქვეყნის სტრატეგიული მიზნების განხორციელებისთვის“, – განაცხადა ბოჭორიშვილმა.
ამასთან, კითხვაზე როგორ შეაფასებდა IRI-ის კვლევას პოლიტიკური პარტიების ნაწილში, ბოჭორიშვილმა აღნიშნა: „ჯერ ალბათ ძალიან ადრეა ამაზე საუბარი, თუმცა გარკვეულ განწყობებს, რა თქმა უნდა, მიანიშნებს, მაგრამ ჯერ ალბათ ძალიან ადრეა 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგებზე ვისაუბროთ, როდესაც ჯერ წელიწად-ნახევარია დარჩენილი არჩევნებამდე“.