მაკა ბოჭორიშვილი - საქართველოს მოქალაქეებისთვის საჭირო არ არის ახსნა, ზურაბ ადეიშვილი რა სისტემის შემოქმედიც იყო, ადეიშვილის ევროპულ ფასეულობებთან გაიგივება არ გაამყარებს ევროპულ სულისკვეთებას
მაკა ბოჭორიშვილი - საქართველოს მოქალაქეებისთვის საჭირო არ არის ახსნა, ზურაბ ადეიშვილი რა სისტემის შემოქმედიც იყო, ადეიშვილის ევროპულ ფასეულობებთან გაიგივება არ გაამყარებს ევროპულ სულისკვეთებას

ზურაბ ადეიშვილი რა სისტემის ნაწილი და შემოქმედიც იყო, ამას არ სჭირდება ახსნა ქართველებისთვის და საქართველოს მოქალაქეებისთვის. როგორც ჩანს, კიდევ ერთხელ საჭირო გახდა, საერთაშორისო თანამეგობრობისთვის განგვემარტა, რასთან გვაქვს საქმე, – ამის შესახებ ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, მაკა ბოჭორიშვილმა განაცხადა.

ბოჭორიშვილის თქმით, ქართველი ხალხი იზიარებს ევროპულ ფასეულობებს და ადეიშვილის გაიგივება ევროპულ ფასეულობებთან არ გაამყარებს ევროპულ სულისკვეთებას საქართველოში.

„ადამიანები, რომლებიც იყვნენ შემოქმედი იმ რეჟიმის, რა რეჟიმიც იყო საქართველოში, რომელიც ტოტალურად არღვევდა ადამიანის უფლებებს და იყო მიმართული ჩაგვრისკენ, ასეთი რეჟიმის შემოქმედები როდესაც დღეს დემოკრატიის საფარქვეშ მართავენ შეხვედრებს ევროკავშირის ინსტიტუტებსა და ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებში, ბუნებრივია, იწვევს ჩვენს შეშფოთებას. გარდა ამისა, საქმე ეხება ინფორმაციას თუ დეზინფორმაციას და შემდეგ უკვე საქართველოში ევროპულ თუ ანტიევროპულ განწყობებს.

დღეს საქართველოს მოსახლეობის უდიდესი ნაწილი, 85 პროცენტი მხარს უჭერს საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციას სწორედ იმიტომ, რომ ქართველი ხალხი იზიარებს ევროპულ ფასეულობებს. ჩვენთვის ეს არის ძვრიფასი, სწორედ ამას უნდა გავუფრთხილდეთ. ადეიშვილის გაიგივება ევროპულ ფასეულობებთან ნამდვილად არ გაამყარებს ევროპულ სულისკვეთებას ჩვენს ქვეყანაში“, – განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.

მაკა ბოჭორიშვილის თქმით, საქართველო აფასებს უკრაინასთან ურთიერთობებს, სოლიდარულია უკრაინელი ხალხის მიმართ რუსეთის წინააღმდეგ ბრძოლაში.

„ძალიან დროული და საჭირო განცხადებაა, გამომდინარე იქედან, რომ ჩვენ, საქართველო ვაფასებთ უკრაინასთან ურთიერთობებს, ვართ სოლიდარული უკრაინელი ხალხის მიმართ, როდესაც ისინი იბრძვბიან რუსეთის წინააღმდეგ. ეს არის ჩვენთვის ძალიან ახლო და მტკივნეული თემა.

მიუხედავად ამ მხარდაჭერისა, ძალიან ხშირად ვხდებით მსხვერპლი არასამართლიანი მოქცევის სწორედ უკრაინის ხეკისუფლების მხრიდან. რა თქმა უნდა, ეს უკვე შემდგომ გავლენას ახდენს ჩვენი ქვეყნის რეპუტაციაზე, ამას სჭირდება დაცვა. სიმართლე არის ნამდვილად ჩვენ მხარეს.

აქედან გამომდინარე, ბუნებრივია, რომ ასეთი განცხადება კეთდება იმისთვის, რომ პირველ რიგში, დაცული იყოს ჩვენი ქვეყნის ინტერესი“,-  განაცხადა ბოჭორიშვილმა.

საქართველოს მთავრობამ ზურაბ ადეიშვილის ბრიუსელსა და ბერლინში ვიზიტებთან დაკავშირებით დღეს განცხადება გაავრცელა. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, ევროკავშირსა და გერმანიაში ზურაბ ადეიშვილის მასპინძლობა ძირს უთხრის აღქმას, რომ ევროპული ბიუროკრატია სამართლებრივი სახელმწიფოს იდეის ერთგულია.