მაკა ბოჭორიშვილი - საქართველოს მონაწილეობა კონფერენციაში, რომელიც იმართება გერმანიის ინიციატივით, ნიშნავს, რომ ქვეყანა გადაჭრილად მოიაზრება მომავალში ევროკავშირის წევრად
მაკა ბოჭორიშვილი - საქართველოს მონაწილეობა კონფერენციაში, რომელიც იმართება გერმანიის ინიციატივით, ნიშნავს, რომ ქვეყანა გადაჭრილად მოიაზრება მომავალში ევროკავშირის წევრად

ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის, მაკა ბოჭორიშვილის განცხადებით, საქართველოს მონაწილეობა კონფერენციაში, რომელიც იმართება გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის ინიციატივით, ნიშნავს, რომ ქვეყანა გადაჭრილად მოიაზრება მომავალში ევროკავშირის წევრად.

ბოჭორიშვილის განმარტებით, ეს კონფერენცია ეძღვნება სწორედ იმას, თუ როგორ უნდა მოემზადოს ევროკავშირი მომავალი წევრების მისაღებად, ასევე როგორ უნდა მოემზადონ კანდიდატი ქვეყნები ევროკავშირის წევრობისთვის.

„მნიშვნელოვანია დისკუსია, რასაც გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი იწყებს ევროკავშირის შიგნით და რომლის ნაწილი ვართ ჩვენ, საქართველო, რაც ნიშნავს, რომ გერმანიისთვის, და არამხოლოდ გერმანიისთვის, ევროკავშირისთვის საქართველო არის მომავალში წევრი ქვეყანა. სწორედ იმ მოსაზრებების გათვალისწინებით და იმ პოზიციების გათვალისწინებით, რაც გასულ წლებში დომინირებდა გერმანულ პოლიტიკურ სივრცეში, ასევე ფრანგულ პოლიტიკურ სივრცეებში, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ევრიკავშირის გაფართოებაზე სერიოზულად საუბრის დაწყება. ეს ნიშნავს, რომ დღეს ევროკავშირის წევრი ქვეყნები უფრო სერიოზულად უყურებენ ევროკავშირის გაფართოების საკითხს, ვიდრე გასულ წლებში იყო. აქედან გამომდინარე, ეს ნამდვილად მნიშვნელოვანი ფორმატია, რასაც გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი გვთავაზობს დღეს. ჩვენთვის მნიშვნელოვანია ეს დისკუსია“, – აღნიშნა მაკა ბოჭორიშვილმა.

ამასთან, მაკა ბოჭორიშვილის განცხადებით, საქართველო იმთავითვე, როდესაც ქვეყანას გასულ წელს პერსპექტივა მიენიჭა, უკვე მოიაზრებოდა გაფართოების პაკეტში.

„რაც შეეხება ჩვენს მოლოდინებს, ვიცით, რომ მომავალ კვირას გამოქვეყნდება გაფართოების ანგარიში. საქართველო პირველად არის ნაწილი ამ პოლიტიკის და, სხვა კანდიდატ ქვეყნებთან ერთად, იქნება სწორედ ამ კონტექსტში შეფასებული. ეს ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენთვის, გამომდინარე იქიდან, რომ ამდენი სპეკულაცია, რაც მთელი წლის განმავლობაში გვესმოდა საქართველოს სტატუსთან თუ უსტატუსობასთან დაკავშირებით, საბოლოოდ აბსოლუტურად ფუჭია, ვინაიდან საქართველო იმთავითვე, როდესაც გასულ წელს პერსპექტივა მიენიჭა, უკვე მოიაზრებოდა გაფართოების პაკეტში. ახლა ჩვენ ვნახავთ რეალურად ახალი მეთოდოლოგიით შეფასებას, რაც ჩვენთვისაც ახალია, გამომდინარე იქიდან, რომ პირველად ვართ გაფართოების პაკეტში. მნიშვნელოვანია, რომ დღეიდან უკვე მომავალში სწორედ ამ მეთოდოლოგიით, ამ პრინციპებით გავაგრძელოთ მუშაობა ევროკავშირში ინტეგრაციაზე“, – განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.