მაკა ბოჭორიშვილი - საქართველოს განაცხადი მოლდოვასა და უკრაინასთან ერთად ევროკავშირის ინსტიტუტებში განიხილება, ველოდებით, რომ გადაწყვეტილება იქნება პოზიტიური
დღეს საქართველოს განაცხადი მოლდოვასა და უკრაინის განაცხადებთან ერთად ევროკავშირის ინსტიტუტებში განიხილება, მოველით, რომ ქართველი ხალხის ურყევი ნება და საქართველოს ძალისხმევა, სათანადოდ იქნება შეფასებული და ევროკავშირის პოლიტიკური გადაწყვეტილება იქნება პოზიტიური, რათა საქართველომ გააგრძელოს ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე სვლა, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მაკა ბოჭორიშვილმა განაცხადა.
როგორც მაკა ბოჭორიშვილმა აღნიშნა, რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ მიმდინარე სამხედრო აგრესიამ და ამის შედეგად ევროპის პოლიტიკური დღის წესრიგის ფუნდამენტურმა ცვლილებამ ცხადად აჩვენა, რომ მოცდის დრო აღარ არის და საქართველოს სტრატეგიული მიზნების მისაღწევად ქმედითი ნაბიჯების გადადგმა არის საჭირო.
„დღეს საფრანგეთი არის ევროკავშირის თავმჯდომარე ქვეყანა და მას ევროპისთვის ძალიან რთულ პერიოდში უწევს ამ როლის შესრულება. ესეც ერთგვარი სამწუხარო დამთხვევაა, 2008 წელსაც ასევე საფრანგეთი გახლდათ ევროკავშირის თავმჯდომარე ქვეყანა, როდესაც რუსეთი საქართველოში შემოიჭრა და მოახდინა საქართველოს ტერიტორიების ოკუპაცია. ამ რთულ გეოპოლიტიკურ ვითარებაში, ევროკავშირში და ევროკავშირის პოლიტიკაში სხვადახვა მიმართულებით მართლაც რომ ტექტონიკური ცვლილებები ხდება, რაც განსაკუთრებით საყურადღებოა დღეს საქართველოსთვის და ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენთვის ვიყოთ ყველაფრის საქმის კურსში. რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ მიმდინარე სამხედრო აგრესიამ და ამის შედეგად ევროპის პოლიტიკური დღის წესრიგის ფუნდამენტურმა ცვლილებამ ცხადად დაგვანახა, რომ მოცდის დრო აღარ არის და საქართველოს სტრატეგიული მიზნების მისაღწევად ქმედითი ნაბიჯების გადადგმა არის საჭირო. შესაბამისად საქართველოს ხელისუფლებამ მიიღო გადაწყვეტილება, რაზეც უკვე დიდი ხანია, ვსაუბრობდით და 3 მარტს ოფიციალურად მიმართა ევროკავშირს გაწევრიანების თაობაზე. დღეს საქართველოს განაცხადი მოლდოვასა და უკრაინის განაცხადებთან ერთად ევროკავშირის ინსტიტუტებში განიხილება, მოველით რომ ქართველი ხალხის ურყევი ნება და საქართველოს ძალისხმევა, რაც მიმართულია ევროკავშირში ინტეგრაციისკენ და ასოცირების შეთანხმების წარმატებით შესრულებისკენ 2014 წლიდან, სათანადოდ იქნება შეფასებული და ევროკავშირის პოლიტიკური გადაწყვეტილება იქნება პოზიტიური იმისათვის, რომ საქართველომ გააგრძელოს ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე სვლა“, – განაცხადა ბოჭორიშვილმა.