საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, მაკა ბოჭორიშვილმა „მინისტრის საათის“ ფორმატში პარლამენტში, საგარეო საქმეთა მინისტრის სიტყვით გამოსვლის შემდეგ უწყების საქმიანობა შეაფასა.
ბოჭორიშვილმა სამინისტროს, საელჩოებს მადლობა გადაუხადა ქვეყნის ინტერესების აქტიურად დაცვისთვის საგარეო ფლანგზე.
როგორც მან აღნიშნა, საგარეო საქმეთა სამინისტროს ხშირად საკმაოდ შეზღუდული რესურსებით დიდი სამუშაოს გატარება უწევს არსებული გამოწვევებიდან და სტრატეგიული ინტერესებიდან გამომდინარე.
„განსაკუთრებული დატვირთვა დღეს ნამდვილად არის საგარეო ფლანგზე, რადგან არსებულ ვითარებაში, იმ გეოპოლიტიკურ მოცემულობაში, რომელშიც დღეს ვართ, სამწუხაროდ, ბევრი რამ გვაქვს შესახსენებელი გარე სამყაროსთვის და, საბედნიეროდ, ბევრი კარგი რამ გვაქვს გასაცნობი მათთვის, ვისთვისაც საქართველო დღემდე უცხო ადგილია მსოფლიო რუკაზე და მხოლოდ ახლა ვხდებით საინტერესო და შესამჩნევი“, – განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.
როგორც მან აღნიშნა, მთავარი პრიორიტეტია სწორად მოქმედება, რომ, პირველ რიგში, იყოს დაცული ქვეყნის უსაფრთხოება და სტაბილურობა, იყოს უზრუნველყოფილი საქართველოს პოზიციების მაქსიმალური გამყარება რეგიონში და მაქსიმალურად სწრაფი და სწორი რეფორმების გზით ქვეყანა უნდა დადგეს ევროკავშირში გაწევრიანების შეუქცევად გზაზე.
„გასულ წელს ნამდვილად სწორი ნაბიჯი იყო ევროკავშირში წევრობის განაცხადის გაკეთება, ვიდრე ეს გვქონდა გაცხადებული და დიდი შედეგი იყო ქვეყნისთვის ევროკავშირის წევრობის პერსპექტივის მოპოვება. მართალია, ეს შესაძლებლობა და ევროკავშირის წევრი ქვეყნების დამოკიდებულების მკვეთრი ცვლა ევროკავშირის გაფართოების საკითხისადმი გასულ წელს უკრაინაში რუსეთის გაუმართლებელმა აგრესიამ გააჩინა, მაგრამ საქართველოს აქვს უმყარესი საფუძველი შექმნილი იმისათვის, რომ ჰქონდეს დასაბუთებული, მტკიცე ამბიცია იმისა, რომ წინ იაროს ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე სხვა კანდიდატ ქვეყნებთან ერთად“, – განაცხადა ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ.
მისი შეფასებით, ამ წინსვლის შეფერხების არანაირი საფუძველი არ არსებობს, ვინაიდან საქართველო არც ევროკავშირთან დაახლოების ხარისხით ჩამორჩება ვინმეს და არც ნების სიმტკიცით, მით უმეტეს, იმ უპრეცედენტოდ მაღალი მხარდაჭერის ფონზე, რომელიც ევროკავშირში გაწევრიანების საკითხთან დაკავშირებით არსებობს საზოგადოებაში.
„საქართველოს ახლა სჭირდება არა ქვეყნის დამაზიანებელი განცხადებები და პოზიციების მოგონება და ტირაჟირება, არამედ საქართველოს ინტერესების დაცვა. ასეთ მნიშვნელოვან მომენტში, როგორშიც შეიძლება, ჩვენი ქვეყანა არ ყოფილა მას შემდეგ, რაც დამოუკიდებელი არსებობა დაიწყო, ქვეყნის ოპოზიციაში ყოფნა მტრობაა. არ შეიძლება, დღეს ის ადამიანები, რომლებიც თავიდანვე გაემიჯნეთ ევროკომისიის რეკომენდაციებს, არადა, პირდაპირი მოვალეობა გქონდათ, რომ თავად შეგეტანათ წვლილი მის შესრულებაში, დღეს საგარეო საქმეთა მინისტრს სთხოვდეთ პასუხს, თუ რას უყვება თავის კოლეგებს. არ შეიძლება, ორკესტრირებას უწევდე ყველაფერ იმას, რამაც მოგვასმენინა უსაფუძვლო ბრალდებები საქართველოს ხელისუფლებას მიმართ ზოგიერთი უკრაინელი მაღალჩინოსნის მხრიდან და შემდეგ კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებდე საქართველოს მხარდაჭერის სიმტკიცეს უკრაინისადმი და ასე აყენებდე ქვეყანას ჩრდილს.
არ შეიძლება, იყო ავტორი იმ პოლიტიკის, რომელიც სრულად ეხმიანებოდა 2009 წელს რუსეთთან გადატვირთვის პოლიტიკის ტრენდს, 2008 წლის საქართველოს წინააღმდეგ რუსეთის ომიდან სულ რაღაც ერთ წელიწადში და დღეს, ამ ურთულეს გეოპოლიტიკურ ვითარებაში, უწუნებდე მთავრობას მოქმედებას და ასე აყენებდე ჩრდილს საკუთარ ქვეყანას“, – განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.
როგორც პლენარულ სხდომაზე დეპუტატმა განაცხადა, საქართველოს სიმტკიცე ევროინტეგრაციის გზაზე გაცხადებული და დამტკიცებულია 2014 წელს ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერით, 2022 წელს გაკეთებული განაცხადით, ასოცირების შეთანხმებისა და ევროკავშირის რეკომენდაციების შესასრულებლად გადადგმული ნაბიჯებით.
„დღეს ჩვენ ვცდილობთ, ყველაფერი გაკეთდეს, რათა საქართველომ ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე შემდგომი ნაბიჯი დროულად გადადგას. დღეს კითხვა – სადაა დადებითი შეფასებები და მხარდამჭერი განცხადებები – მხოლოდ პოლიტიკური სპეკულაციაა, როცა ძალიან კარგად იცით, რომ შეფასებას ევროკომისია ამზადებს და მას შემოდგომაზე გამოაქვეყნებს, როდესაც იცით, რომ ევროკავშირის წევრი ქვეყნები საქართველოს საკითხზე წლის ბოლოს იმსჯელებენ და მიიღებენ გადაწყვეტილებას.
იმედი მაქვს, რაც საქართველომ გააკეთა ევროკავშირის რეკომენდაციების შესრულების პროცესში, იქნება ობიექტურად შეფასებული და გახდება იმ გადაწყვეტილების მიღების საფუძველი, რომელიც სჭირდება ჩვენი ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის შეუქცევადობას. თუმცა, ამ ყველაფერში ყველას თავისი პასუხისმგებლობა აქვს და ამის უარყოფა შეუძლებელია. არ შეიძლება, სრულიად მოიხსნას ოპოზიციამ ის პასუხისმგებლობა, რაც მათ თავად ევროკავშირის რეკომენდაციებითაც აქვთ, თუ, რა თქმა უნდა, კარგად წაიკითხავენ. ჩვენი პოზიციების დასაცავად ბევრი სამუშაო ტარდება, მაგრამ კიდევ ბევრი გვაქვს გასაკეთებელი იმისთვის, რომ არ დავუშვათ საქართველოს დავიწყება, საქართველოს 30-წლიანი განვლილი გზის უგულებელყოფა, რუსული მიზნის მიღწევა და აბსოლუტურად დაუმსახურებელი კითხვების გაჩენა საქართველოსთან დაკავშირებით“, – განაცხადა ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ.