მაკა ბოჭორიშვილი - საქართველომ თორმეტივე რეკომენდაციის შესასრულებლად ყველაფერი გააკეთა და ნებისმიერი ქართველი, ვისაც გული შესტკივა ევროპულ მომავალზე, ამას უნდა ამბობდეს
საქართველომ გააკეთა ყველაფერი თორმეტივე რეკომენდაციის შესასრულებლად. ეს არის ის, რასაც უნდა ამბობდეს ნებისმიერი ქართველი, ვისაც გული შესტკივა საქართველოს ევროპულ მომავალზე, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, მაკა ბოჭორიშვილმა განაცხადა.
ბოჭორიშვილის განცხადებით, რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლები საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას ხელს უშლიან, თუმცა ევროპელი პარტნიორები კარგად ხედავენ, რას აკეთებს ქვეყანა სტატუსის მისაღებად.
„შეფასებებს რაც შეეხება, თავად ევროკომისარსაც არ გაუკეთებია ასეთი შეფასება, რომ საქართველოს, სამი რეკომენდაციის გარდა, არაფერი შეუსრულებია ივნისში. ივნისის შემდეგ კიდევ უამრავი რამ გაკეთდა და საქმეც ამაშია, რომ მათ არც გაკეთებული საქმის დანახვა უნდათ და, ხელის შეშლის გარდა, არაფერს აკეთებენ. ჩვენი პარტნიორები ძალიან კარგად ხედავენ და შეაფასებენ იმას, რასაც საქართველო აკეთებს და რასაც იმსახურებს. საქართველო ნამდვილად იმსახურებს ევროპულ მომავალს“, – აღნიშნა მაკა ბოჭორიშვილმა.