მაკა ბოჭორიშვილი - საქართველომ დაადასტურა, რომ ევროკავშირის სანდო პარტნიორია და ევროკავშირის თავდაცვისა და უსაფრთხოების პოლიტიკის არა მხოლოდ ბენეფიციარი, არამედ კონტრიბუტორიც არის
დღეს ევროპული უსაფრთხოება უნდა იყოს ნებისმიერი ევროპელი პოლიტიკოსის მთავარი პრიორიტეტი რუსეთის აგრესიული პოლიტიკისა და ჩვენ წინაშე არსებული გეოპოლიტიკური გამოწვევების გათვალისწინებით. წელს 20 წელი სრულდება ევროკავშირის დიდი გაფართოებიდან, რომელმაც ევროპაში მშვიდობისა და სტაბილურობის სივრცე გაზარდა. ყოველთვის ვსაუბრობდით ევროკავშირის და მისი გაფართოების პოლიტიკის ტრანსფორმაციის შესაძლებლობებზე, მაგრამ დღეს მას უფრო დიდი და მნიშვნელოვანი როლი აქვს, – ამის შესახებ პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, მაკა ბოჭორიშვილმა განაცხადა.
როგორც მაკა ბოჭორიშვილმა ევროკავშირის წევრი ქვეყნების პარლამენტების საგარეო კომიტეტის თავმჯდომარეების ფორმატში გამართულ შეხვედრაზე განაცხადა, გაფართოება არის უმთავრესი სტრატეგიული, გეოპოლიტიკური საკითხი, რომელიც უკავშირდება ევროკავშირის მომავალს და ყველაფერი უნდა გაკეთდეს მისი წარმატებისთვის.
„დღეს საქართველო უკრაინასთან, მოლდოვასა და დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნებთან ერთად ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყანაა. უკანასკნელი ათი წლის განმავლობაში ჩვენ უდავოდ მნიშვნელოვან პროგრესს მივაღწიეთ ევროკავშირთან ასოცირების პროცესში. საქართველომ დაადასტურა, რომ ევროკავშირის სანდო პარტნიორია და ევროკავშირის თავდაცვისა და უსაფრთხოების პოლიტიკის არა მხოლოდ ბენეფიციარი, არამედ კონტრიბუტორიც არის“, – განაცხადა ბოჭორიშვილმა.
მაკა ბოჭორიშვილის განცხადებით, საქართველოს ამჟამად მუშაობს ევროკავშირის მიერ განსაზღვრულ ცხრა ნაბიჯზე.
„ვცდილობთ, გავაგრძელოთ პოზიტიური დინამიკა ევროკავშირის საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკასთან თანხვედრის კუთხით, მიუხედავად უსაფრთხოების იმ გამოწვევებისა, რაც რუსეთის მიერ საქართველოს რეგიონების ოკუპაციიდან გამომდინარე დგას ჩვენს წინაშე. ინდივიდუალური მიდგომა აუცილებელია, მაგრამ ამასთანავე კანდიდატ ქვეყნებს უნდა მიეცეთ თანაბარი შესაძლებლობები. გაწევრიანების მოლაპარაკებები ყველა კანდიდატ ქვეყანასთან დაუყოვნებლივ უნდა დაიწყოს. ჩვენ, ყველას, გვჭირდება ინტეგრაციის ეფექტიანი მექანიზმები, რათა დავაჩქაროთ კანდიდატი ქვეყნების ეკონომიკური და პოლიტიკური ინტეგრაცია ევროკავშირში“, – განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.