მაკა ბოჭორიშვილი - საქართველო ნამდვილად იმსახურებს კანდიდატი ქვეყნის სტატუსს, თუმცა ეს არის ის პოლიტიკური გადაწყვეტილება, რომელიც უნდა მიიღოს 27-მა წევრმა ქვეყანამ
საქართველოს გეოპოლიტიკური მოცემულობით, მზაობით, რომ იყოს კანდიდატი ქვეყანა და რეკომენდაციების შესრულების პროცესით, ჩვენი ქვეყანა ნამდვილად იმსახურებს კანდიდატი ქვეყნის სტატუსს, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, მაკა ბოჭორიშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, ეს არის ის პოლიტიკური გადაწყვეტილება, რომელიც 27-მა წევრმა ქვეყანამ უნდა მიიღოს.
„რაც შეეხება განცხადებას იმის თაობაზე, რომ საქართველო იმსახურებს კანდიდატი ქვეყნის სტატუსს, საქართველო შარშანაც იმსახურებდა კანდიდატი ქვეყნის სტატუსს, გამომდინარე იქედან, რომ გეოპოლიტიკური სიტუაციით თუ შესრულებული ტექნიკური პირობებით საქართველო ნამდვილად არის იმ ქვეყნებს შორის, რომელ ქვეყნებსაც მიენიჭათ კანდიდატი ქვეყნის სტატუსი.
ახლა ჩვენ, რა თქმა უნდა, შეგვიძლია, ვიხელმძღვანელოთ იმ ნაბიჯებით, რაც საქართველომ უკვე გადადგა რეკომენდაციების შესრულების კუთხით. ამ მიმართულებით გვაქვს საკმაოდ მნიშვნელოვანი პროგრესი. თუ ყველაფერს ერთად ავიღებთ, გეოპოლიტიკურ მოცემულობას, საქართველოს მზაობას იმისთვის, რომ იყოს კანდიდატი ქვეყანა, რეკომენდაციების შესრულების პროცესს, აქედან გამომდინარე, საქართველო ნამდვილად იმსახურებს კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭებას. თუმცა, კიდევ ერთხელ, ეს არის ის პოლიტიკური გადაწყვეტილება, რომელიც უნდა მიიღოს 27-მა წევრმა ქვეყანამ“, – განუცხადა მაკა ბოჭორიშვილმა საქართველოს პირველ არხს.