მაკა ბოჭორიშვილი - საოკუპაციო ხაზის მიმდებარე სოფლებში ყველაზე კარგად ჩანს, რა არის რუსული ოკუპაციის სახე და რა შედეგები მოაქვს მას
საოკუპაციო ხაზის მიმდებარე სოფლებში ყველაზე კარგად ჩანს, რა არის რუსული ოკუპაციის სახე და რა შედეგები მოაქვს მას, – ამის შესახებ პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მაკა ბოჭორიშვილმა შიდა ქართლში განაცხადა, სადაც პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილთან და პირველ ვიცე-სპიკერ გია ვოლსკისთან ერთად იმყოფებოდა.
ქართველი კანონმდებლები საოკუპაციო ხაზის მიმდებარე სოფლებში მოსახლეობას შეხვდნენ და არსებულ მდგომარეობას ადგილზე გაეცნენ.
როგორც ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ აღნიშნა, მნიშვნელოვანია, რომ განსაკუთრებული ყურადღება მიექცეს საოკუპაციო ხაზთან არსებულ სოფლებს და იქ მცხოვრებ ადამიანებს.
„მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ განსაკუთრებული ყურადღება მივაქციეთ ამ სოფლებს, რომლებიც მდებარეობენ საოკუპაციო ხაზთან, იმ ადამიანებს, რომლებიც აქ ცხოვრობენ ყოველდღიურად რუსული ოკუპაციის შემხედვარე და რა თქმა უნდა, ჩვენი მხრიდან მათ ჰქონდეთ მხარდაჭერა, გვერდში დგომა, რომ მათ მაქსიმალურად შეძლონ ამ რთულ პირობებთან გამკლავება, რაც თან ახლავს რუსულ ოკუპაციას“,- განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.
პარლამენტის თავმჯდომარემ, პირველმა ვიცე სპიკერმა და ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ სოფელ არბოში სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში დაფინანსებული ხეხილის ბაღები დაათვალიერეს და სოფლების აძვის და ჯარიაშენის სკოლა მოინახულეს.
შეხვედრებს გორის მერი ვლადიმერ ხინჩეგაშვილი და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
დღის ბოლოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი, პირველი ვიცე-სპიკერი გიორგი ვოლსკი და ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მაკა ბოჭორიშვილი, გორში, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის (EUMM) ხელმძღვანელს და რეგიონული ოფისის წარმომადგენელს შეხვდნენ.
ინფორმაციას საქართველოს პარლამენტის პრესსამსხაური ავრცელებს.