მაკა ბოჭორიშვილი - რუსეთისთვის სანქციების დაწესების საკითხის დაკავშირება საქართველოს კანდიდატის სტატუსთან და ევროკავშირში ინტეგრაციასთან არის მავნებლური ნაბიჯი
მაკა ბოჭორიშვილი - რუსეთისთვის სანქციების დაწესების საკითხის დაკავშირება საქართველოს კანდიდატის სტატუსთან და ევროკავშირში ინტეგრაციასთან არის მავნებლური ნაბიჯი

იმ ფონზე, როდესაც საქართველომ მაქსიმუმი გააკეთა 12 რეკომენდაციის შესრულების კუთხით, ველოდებით, რომ ევროკომისიის შეფასებებიც იქნება პოზიტიური და რელევანტური, – ამის შესახებ პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, მაკა ბოჭორიშვილმა განაცხადა.

ბოჭორიშვილის თქმით, რუსეთისთვის სანქციების დაწესების საკითხის დაკავშირება საქართველოს კანდიდატის სტატუსსა და ევროკავშირში ინტეგრაციასთან არის მავნებლური ნაბიჯი.

„ვხედავთ, რომ არის ხალხი, მათ შორის საქართველოში, და ამ პროცესში ჩართეს საქართველოს პრეზიდენტიც, ვნახეთ მისი არაერთი ვიზიტი ევროპის დედაქალაქებში, სადაც გაჟღერდა სანქციების თემა. ამ ფორმით სანქციების დაწესების საკითხის დაკავშირება საქართველოს კანდიდატის სტატუსთან და ევროკავშირში ინტეგრაციასთან, არის მხოლოდ და მხოლოდ მავნებლური ნაბიჯი. შეუძლებელია, დღეს საქართველოს მოსთხოვო, რუსეთთან დააწესოს სანქციები, ნული გავლენა იქონიოს რუსეთის ეკონომიკაზე, ხოლო საქართველოს ეკონომიკაზე  – უზარმაზარი. წარმოუდგენელია, ამ ფორმით ჩვენ ვიფიქროთ რაიმე წინსვლაზე ევროკავშირში ინტეგრაციის კუთხით. ოპოზიცია ცდილობს, მოძენოს რაიმენაირად ისეთი წინაპირობები საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციისთვის, რაც შეუსრულებელი და შეუსრულებადი იქნება საქართველოსთვის. ეს არის მიზანი, ამ მიზნით დადიან ისინი ბრიუსელში, ამ მიზნით იმყოფებიან ზოგიერთები ახლაც ბრიუსელში, რომ რაიმენაირად საქართველოს წინაშე დადგეს ისეთი ამოცანები, რომლებიც იქნება წარმოუდგენელი შესასრულებლად. ამას ჰქვია მხოლოდ და მხოლოდ ქვეყნის მტრობა და ყველაფრის გაკეთება, რომ საქართველომ ვერ მიაღწიოს მთავარ მიზანს. ეს არის, სამწუხაროდ, ჩვენი ოპონენტების მთავარი საზრუნავი“, – განაცხადა ბოჭორიშვილმა.

ამასთან, მაკა ბოჭორიშვილის განცხადებით, ევროკავშირში ინტეგრაცია საკმაოდ ხანგრძლივი პროცესია და საქართველოს, შესაძლოა, ამ პროცესში საკმაოდ ბევრი წინაპირობის შესრულება მოუწიოს, თუმცა ეს წინაპირობები უნდა იყოს სამართლიანი.

„მნიშვნელოვანია, რომ ეს პირობები თუ წინაპირობები იყოს სამართლიანი და იყოს ისეთი, როგორიც სხვა ქვეყნებთან მიმართებაში არსებობდა. სანქციების მიბმა ამ საკითხზე და დღეს საქართველოსთვის ამის მოთხოვნა არის წარმოუდგენელი“, – განაცხადა ბოჭორიშვილმა.