მაკა ბოჭორიშვილი - სალომე ზურაბიშვილის გზავნილები სრულიად ჯდება იმ დამაზიანებელ ნარატივში, რომელსაც გარკვეული ძალები ქმნიან საქართველოს გარშემო
სამწუხაროდ, სალომე ზურაბიშვილის ინტერვიუ და გზავნილები სრულიად ჯდება იმ დამაზიანებელ ნარატივში, რომელსაც გარკვეული ძალები ქმნიან საქართველოს გარშემო, რაც მიმართულია, რომ გააჩინონ კითხვის ნიშნები საქართველოს ხელისუფლების და საქართველოს ევროკავშირისკენ სწრაფვასთან დაკავშირებით, რაც ნამდვილად დამაზიანებელია, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა, მაკა ბოჭორიშვილმა განაცხადა.
ბოჭორიშვილის თქმით, ორმაგად უფრო დამაზიანებელია, როდესაც საქართველოს კონსტიტუციური თანამდებობის მატარებელი ადამიანი აკეთებს ქვეყნისთვის დამაზიანებელ განცხადებებს.
„ეს განცხადებები აძლიერებს და უფრო მეტ ფასს სძენს იმ დამაზიანებელ ნარატივს საქართველოს წინააღმდეგ. აქ მხოლოდ პრემიერ-მინისტრზე არ არის საუბარი. პრემიერ-მინისტრი მთავრობას ხელმძღვანელობს. ეს არის სახელისუფლებო ძალა და ასეთი ინტერვიუები და ასეთი დამაზიანებელი გზავნილები ზოგადად ქვეყანას უშლის ხელს და ქვეყანას აზიანებს და არა ინდივიდებს, ამას უნდა ხვდებოდეს ადამიანი, რომელსაც პრეზიდენტის თანამდებობა უკავია. არიან გარკვეული ძალები საქართველოს გარშემო, რომლებიც მოქმედებენ როგორც გარეთ, ისე ქვეყნის შიგნით და ცდილობენ საქართველოსგან შექმნან სურათი, თითქოს საქართველო არ დგას ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე და თითქოს საქართველომ სადღაც გადაუხვია. ამის გაძლიერება ხდება, სამწუხაროდ, სხვადასხვა პოლიტიკოსისა და ფიგურის გამოყენებით. როგორ იქნება ზურაბიშვილის გზავნილები აღქმული, ეს ასხამს იმ წისქვილზე წყალს, რომელიც მიმართულია საქართველოს ინტერესების დასაზიანებლად. რაც შეეხება სახელმწიფოების პოზიციებს საქართველოსთან დაკავშირებით, ინდივიდების ნათქვამს, თუნდაც სალომე ზურაბიშვილის ნათქვამს, დიდი მნიშვნელობა არ აქვს. გამომდინარე იქიდან, რომ ეს ქვეყნები საქართველოსთან მიმართებაში, პირველ რიგში, გადაწყვეტილებას საკუთარი ინტერესებიდან იღებენ. საქართველო არის ის ქვეყანა, რომლის ევროკავშირში ინტეგრაცია ისევე სჭირდება ევროკავშირს, როგორც საქართველოს სჭირდება ევროკავშირში ინტეგრაცია“, – განაცხადა ბოჭორიშვილმა.
საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ინტერვიუ CBS NEWS-ს მისცა.