მაკა ბოჭორიშვილი - სალომე ზურაბიშვილი ყველაფერს ანტიევროპულს აკეთებს, ტექნიკურ მთავრობებზე საუბრის არანაირი წინაპირობა არ არსებობს, რაში სჭირდება ქვეყანას ტექნიკური მთავრობა, როდესაც წინ არჩევნებია
სალომე ზურაბიშვილი ყველაფერს აკეთებს, რაც ანტიევროპულია და არ ჯდება არანაირ ევროპულ სტანდარტში, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, მაკა ბოჭორიშვილმა განაცხადა.
ბოჭორიშვილის თქმით, სალომე ზურაბიშვილი არის ადამიანი, რომელიც იკავებს პრეზიდენტის თანამდებობას და უკვე ძალიან დიდი ხანია, უხეშად არღვევს საქართველოს კონსტიტუციას.
„ამ პირობებში მისი მხრიდან რამე ევროპულობაზე საუბარი აბსურდია. პრეზიდენტის თანამდებობაზე მყოფი ადამიანი აანონსებს და აკეთებს ყველაფერს, რათა ქვეყანაში იყოს დესტაბილიზაცია. საქართველოში არანაირი წინაპირობა არ არსებობს, რათა ტექნიკურ მთავრობებზე იყოს საუბარი. რაში სჭირდება საქართველოს ტექნიკური მთავრობა, როდესაც წინ არჩევნებია. არჩევნების შედეგად გამარჯვებულ პოლიტიკურ ძალას აქვს აბსოლუტური უნარი, რომ მთავრობა ჩამოაყალიბოს. წარმოუდგენელია, ისინი რაზე საუბრობენ. „ქართული ქარტია“ არ არის ქართული ქარტია. ქართულ ქარტიად წოდებული დოკუმენტი არის ქვეყნის დესტაბილიზაციის, ქვეყანაში არეულობის დოკუმენტი და სხვა არაფერი“, – განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.