მაკა ბოჭორიშვილი - საკუთარ თავზე როცა არ ხარ დამოკიდებული, ხშირად მოგიწევს საკუთარი ნათქვამის გადაკეთება, სამწუხაროა, რომ საქართველოს პრეზიდენტად მომუშავე ადამიანს უწევს ამის კეთება დღეს
საკუთარ თავზე როცა არ ხარ დამოკიდებული, ნამდვილად ვერ იქნები პრინციპული და მოგიწევს ძალიან ხშირად შენი ნათქვამის გადათქმა, შენი ქმედების გადაკეთება. სამწუხაროა, რომ საქართველოს პრეზიდენტად მომუშავე ადამიანს უწევს ამის კეთება დღეს, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, მაკა ბოჭორიშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, დასაფიქრებელია, რას ემსახურება ქართველის ხალხის შანტაჟი და წინასწარ აპელირება იმაზე, თუ როგორი უნდა იყოს არჩევნების შედეგები, რასაც, ბოჭორიშვილის შეფასებით, ოპოზიციის, პრეზიდენტის და ზოგიერთი ოპოზიციური პოლიტიკოსის მხრიდან აქვს ადგილი.
„საქართველო არის დემოკრატიული ქვეყანა, ქართველ ხალხს აქვს არჩევანი და საქართველოს დღევანდელი ხელისუფლება არის სწორედ იმის გარანტი, რომ ქვეყნის ყველა მოქალაქეს აქვს შესაძლებლობა, საკუთარი აზრი, პოზიცია არჩევნებზე დააფიქსიროს. ხდება წინასწარ აპელირება, როგორი უნდა იყოს ქართველი ხალხის გადაწყვეტილება და ქართველი ხალხის შანტაჟი, რასაც ჩვენ ვუყურებთ უკვე ამდენი თვეა და რასაც ახორციელებს ოპოზიცია, რომელშიც ასევე ჩართულია საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, რომელიც რეგულარულად არღვევს კონსტიტუციას მსგავსი ნაბიჯებით და ჩართულები არიან უცხოელი პოლიტიკოსებიც. ნამდვილად დასაფიქრებელია, რას ემსახურება ეს ყველაფერი და ამ შანტაჟს ქართველი ხალხი ზუსტადაც გასცემს პასუხს 26 ოქტომბერს. შემდგომ არავის არ უნდა გაუკვირდეს ის შედეგი, რაც დადგება 26 ოქტომბერს.
ძალიან რთულია, პოლიტიკოსი და, ზოგადად, ადამიანი იყო პრინციპული, როდესაც საკუთარ თავზე არ ხარ დამოკიდებული. ამ შემთხვევასთან გვაქვს ზუსტად საქმე. როდესაც საკუთარ თავზე არ ხარ დამოკიდებული, ნამდვილად ვერ იქნები პრინციპული და მოგიწევს ძალიან ხშირად შენი ნათქვამის გადათქმა, შენი ქმედების გადაკეთება. სამწუხაროა, რომ საქართველოს პრეზიდენტად მომუშავე ადამიანს უწევს ამის კეთება დღეს. ეს არის ზუსტად, როდესაც პოლიტიკოსი, ადამიანი არ ხარ საკუთარი თავის პატრონი“, – განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.