მაკა ბოჭორიშვილი - სახელმწიფო დეპარტამენტის შეფასებები მნიშვნელოვანია, რადგან საქართველოს პოლიტიკა სანქციებთან დაკავშირებით არის მკვეთრი და კონკრეტული
მნიშვნელოვანია ის შეფასებები, რაც ჩვენს ძალისხმევას და ნაბიჯებს მოჰყვა სახელმწიფო დეპარტამენტის მხრიდან, – ამის შესახებ უმრავლესობის დეპუტატმა, მაკა ბოჭორიშვილმა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშის შეფასებისას განაცხადა.
მისივე თქმით, საქართველოს ხელისუფლების მიერ გადადგმული ნაბიჯები მიმართულია იმისკენ, რომ საქართველო არ იყოს გამოყენებული სანქციების გვერდის ავლისთვის.
„შეფასებები, რაც გვესმის სახელმწიფო დეპარტამენტიდან, არის მნიშვნელოვანი, გამომდინარე იქედან, რომ საქართველოს პოლიტიკა სანქციებთან დაკავშირებით არის მკვეთრი, კონკრეტული. ჩვენი ნაბიჯები სწორედ იმისკენ არის მიმართული, რომ საქართველო არ იყოს გამოყენებული სანქციების გვერდის ავლისთვის. აქედან გამომდინარე, მნიშვნელოვანია შეფასებები, რაც ჩვენს ძალისხმევას და ნაბიჯებს მოჰყვა სახელმწიფო დეპარტამენტის მხრიდან.
რა თქმა უნდა, ასევე მნიშვნელოვანია ჩვენს პარტნიორებთან თანამშრომლობის გაგრძელება, გამომდინარე იქიდან, რომ ეს ცოცხალი პროცესია და სანქციებისთვის თავის არიდება არ უნდა მოხდეს საქართველოს გავლით. ამ მიმართულებით გავაგრძელებთ მუშაობას ჩვენს პარტნიორებთან. მაგრამ, კიდევ ერთხელ, ამ შეფასებებით წერტილი ესმევა იმ სპეკულაციებს, რომლებიც მთელი წლის განმავლობაში გვესმოდა ოპონენტების მხრიდან. სამწუხაროდ, ამ შეფასებების ფონზეც კვლავ აგრძელებენ ქვეყნის დისკრედიტაციას და ქვეყნისთვის იმის დაბრალებას, რაც არ ხდება, რასაც ნამდვილად არ უნდა აკეთებდეს ქართველი პოლიტიკოსი და, ზოგადად, საქართველოს მოქალაქე“, – განაცხადა ბოჭორიშვილმა.