მაკა ბოჭორიშვილი - საგარეო პოლიტიკის შესახებ რეზოლუცია მრავლისმომცველი პროექტია, რომელიც საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტებს შეეხება
საგარეო პოლიტიკის შესახებ რეზოლუცია მრავლისმომცველი პროექტია, რომელიც საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტებს შეეხება, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, მაკა ბოჭორიშვილმა განაცხადა.
„ვმსჯელობთ, როგორი ხედვა გვაქვს, რათა 2024 წელს ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ განაცხადის გაკეთება შევძლოთ. პირველი, რაც განაცხადის გაკეთებას უზრუნველყოფს, ეს ასოცირების შეთანხმების შესრულება. ამჟამად, ევროკავშირთან მოლაპარაკებებს ვაწარმოებთ 2021-2027 წლებისთვის ასოცირების შეთანხმების დღის წესრიგის განსაზღვრისთვის. ბუნებრივია, 2024 წლამდე ასოცირების შეთანხმების დაჩქარებული იმპლემენტაცია, ძირითადი ვალდებულებების შესრულება პირველი საფუძველი იქნება იმის, რომ საქართველოს ამბიცია ჰქონდეს, 2024 წელს ევროკავშირში წევრობაზე განაცხადი გააკეთოს. რა თქმა უნდა, ამ პერიოდში, სამუშაო იქნება პოლიტიკური მხარდაჭერის მისაღებადაც და სხვა პრიორიტეტულ სფეროებში ევროკავშირთან ურთიერთობის გასამყარებლად. ჩემი აზრით, ამის მიღწევა რეალისტურია და ოპტიმიზმის საფუძველი მაქვს“, – განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.
მისივე თქმით, 2014 წლიდან, მას შემდეგ, რაც ასოცირების შეთანხმებას ხელი მოეწერა, საქართველოს ამ შეთანხმების შესრულების ძალიან კარგი პროგრესი აქვს.
„რაც 2020 წლამდე გაკეთდა, საფუძველს მაძლევს, იმედი ვიქონიო, რომ საქართველო ასეთივე წარმატებით გააგრძელებს მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში ასოცირების შეთანხმების იმპლემენტაციას და 2024 წელს საქართველო წელგამართული იქნება იმ მხრივ, რომ გაწევრიანებაზე განაცხადი გააკეთოს. ჩვენმა კომიტეტმა მიზანშეწონილად ჩათვალა, რომ იმდენად მნიშვნელოვანია ევროკავშირთან ურთიერთობები, რომ მას ცალკე მუხლი დათმობოდა რეზოლუციაში და გამიჯნული ყოფილიყო ორმხრივი ურთიერთობების ნაწილისგან. ეს მიზანშეწონილად ჩათვალეს კომიტეტის წევრებმაც და შესაბამისად ამჟამად, დახვეწილი რედაქციით არსებობს შემოთავაზება ევროინტეგრაციის მუხლთან დაკავშირებით“, – განაცხადა ბოჭორიშვილმა.
საგარეო პოლიტიკის შესახებ რეზოლუციის პროექტს პარლამენტში დღეს განიხილავენ და სავარაუდოდ, დღის ბოლომდე დაამტკიცებენ.