მაკა ბოჭორიშვილი - არსებობს საფუძვლიანი ეჭვი, ვიფიქროთ, რომ „სამართლიანი არჩევნების“ შეცდომა იყო დაგეგმილი ქმედების ერთი კომპონენტი
საფუძვლიანი ეჭვი არსებობს, რომ ვიფიქროთ, „სამართლიანი არჩევნების“ მიერი პარალელური დათვლის შედეგების თაობაზე დაშვებული შეცდომა იყო ძალიან დაგეგმილი ქმედების ერთი კომპონენტი, რაც მიზნად ისახავდა არა კანონით დადგენილი წესით, არა კონსტიტუციისა და არა არჩევნების გზით ხელისუფლების შეცვლას, – ამის შესახებ ჟურნალისტებს პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, მაკა ბოჭორიშვილმა განუცხადა, რომელიც „სამართლიანი არჩევნების“ ხელმძღვანელის თანამდებობიდან ელენე ნიჟარაძის გადადგომას გამოეხმაურა.
კითხვაზე, ვის მიერ იყო დაგეგმილი პარალელური დათვლის შედეგების შეცდომით დაფიქსირება, ბოჭორიშვილმა უპასუხა, რომ საკუთარ განცხადებაში ქართულ პოლიტიკაში აქტიურად ჩართულ პირებს გულისხმობს.
„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საზოგადოებას ჰქონდეს სწორი ინფორმაცია, რათა სწორად იმოქმედონ. სამწუხაროდ, დღეს ისეთ დროში ვცხოვრობთ, როცა შეიძლება ყველანაირი ინფორმაცია არსებობდეს – მცდარი, ფეიკნიუსის დროში ვცხოვრობთ. შესაბამისად, ნებისმიერი საქმიანობა, რომელიც ემსახურება სიმართლის დადგენას, ჩვენთვის ამოსავალი უნდა იყოს, რომ სწორად ვიმოქმედოთ. ის პროცესები, რომელიც წარიმართა, იმის საფუძველს იძლევა, რომ გარკვეული დასკვნები გავაკეთოთ. საზოგადოებას სწორი დასკვნების გაკეთებისთვის სწორი ინფორმაცია უნდა ჰქონდეს. ალბათ, ხვდებით, ჩემს განცხადებაში ვისაც ვგულისხმობ – ქართულ პოლიტიკაში აქტიურად ჩართულ პირებს. ის, რაც ხდება, არ შედის იმ პოლიტიკური პარტიების ინტერესებში, ვინც ამომრჩეველთა ხმები მოიპოვეს. ეს შედის ერთეული პირების ინტერესებში. სამწუხაროდ, ის მდგომარეობა გვაქვს, როცა პოლიტიკური პარტიები მსხვერპლი ვართ”, – განაცხადა ბოჭორიშვილმა.