მაკა ბოჭორიშვილი - რუსული ოკუპაციის წინააღმდეგ ყველანაირი მექანიზმის გამოყენებას როცა ვცდილობთ, სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება არის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი იარაღი ჩვენს ხელში
სტრასბურგის სასამართლომ აღიარა, რომ რუსეთს ეკისრება ბევრი პასუხისმგებლობა სხვადასხვა დანაშაულისთვის, მათ შორის, კონვენციების მუხლების დარღვევისა და იმ უსამართლობისთვის, რის წინაშეც დგანან ჩვენი მოქალაქეები სწორედ ოკუპაციის გამო, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, მაკა ბოჭორიშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება საქართველოს და ქართული სახელმწიფოს ერთ-ერთი ძალიან დიდი გამარჯვებაა.
„სტრასბურგის გადაწყვეტილება არის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილება, პირველ რიგში, იმისთვის, რომ საქართველოს ბრძოლა ოკუპაციის წინააღმდეგ იყოს კიდევ უფრო გამყარებული. მაშინ როდესაც ჩვენ ვცდილობთ, ყველანაირი მექანიზმი გამოვიყენოთ რუსული ოკუპაციის წინააღმდეგ, სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება, რა თქმა უნდა, არის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი იარაღი ჩვენს ხელში. წლებია, ეს საქმე მიმდინარეობს, წლებია, საქართველო იბრძვის სასამართლოში იმისთვის, რომ სიმართლე სასამართლოს გზით იყოს კიდევ ერთხელ დადასტურებული. რა თქმა უნდა, ეს დიდი მიღწევა და ძალიან ბევრი ადამიანის შრომის შედეგია. სასამართლომ აღიარა, რომ რუსეთს ეკისრება ბევრი პასუხისმგებლობა სხვადასხვა დანაშაულისთვის, მათ შორის, კონვენციების მუხლების დარღვევისთვის და იმ უსამართლობისთვის, რის წინაშეც დგანან ჩვენი მოქალაქეები სწორედ ოკუპაციის გამო. ეს საქართველოს და ქართული სახელმწიფოს ერთ-ერთი ძალიან დიდი გამარჯვებაა“, – განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.
ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ გადაწყვეტილება გამოაქვეყნა საქმეზე – „საქართველო რუსეთის წინააღმდეგ“, რომელიც ეხება 2008 წლის კონფლიქტის შემდეგ დაწყებული „ბორდერიზაციის“ შედეგად ადამიანის უფლებების დარღვევებს. სტრასბურგის სასამართლომ რუსეთის მხრიდან ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის არაერთი დარღვევა დაადგინა.