მაკა ბოჭორიშვილი - რთული სათქმელია, რა გადაწყვეტილებას მიიღებს ევროკავშირი, თუმცა საკმაოდ ბევრ წევრ ქვეყანაში არის მოსაზრება, რომ საქართველოსთვის სტატუსის არმინიჭება იყო შეცდომა
რთული სათქმელია, რა გადაწყვეტილებას მიიღებს ევროკავშირი, თუმცა ევროკავშირის საკმაოდ ბევრ წევრ ქვეყანაში არის მოსაზრება, რომ საქართველოსთვის სტატუსის არმინიჭება იყო შეცდომა, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, მაკა ბოჭორიშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, ევროკავშირის ყველა ქვეყანა საკუთარი პოლიტიკური მოსაზრებებით იღებს გადაწყვეტილებას.
„საქართველო მიიღებს თუ არა კანდიდატის სტატუსს, დღეს ამისი თქმა რთულია. რეკომენდაციების შესრულების კუთხით რაც გავაკეთეთ, ეს მხოლოდ ერთი კომპონენტია იმ გადწყვეტილების, რომელიც ევროკავშირის საბჭომ უნდა მიიღოს. ევროკავშირის წევრი ქვეყნები ამ საკითხზე დეკემბერში იმსჯელებენ. ერთ-ერთი საფუძველი იქნება ევროკომისიის შეფასება, თუმცა არ იქნება ერთადერთი, რასაც ევროკავშირის წევრი ქვეყნები დაეყრდნობიან. დღეს ძალიან რთული სათქმელია, რა გადაწყვეტილებას მიიღებს ევროკავშირი კანდიდატის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით. ყველა ქვეყანა საკუთარი პოლიტიკური მოსაზრებებით იღებს გადაწყვეტილებას საკუთარი ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე. ევროკავშირის წევრ ქვეყნებში, ყოველ შემთხვევაში, საკმაოდ ბევრ წევრ ქვეყანაში გვქონდა შესაძლებლობა, პოლიტიკოსებთან გაგვერკვია საქართველოს საკითხი. არის განცდა და მოსაზრება, რომ საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის არმინიჭება იყო შეცდომა, და თუ კი ეს იყო შეცდომა, ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ეს შეცდომა გამოსწორდეს. რა თქმა უნდა, ყველა წევრი ქვეყნის მხარდაჭერა საჭიროა“, – განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.