მაკა ბოჭორიშვილი - როდესაც ოლაფ შოლცმა ისაუბრა ევროკავშირზე ლისაბონიდან თბილისამდე, განსაზღვრა ევროკავშირის მომავალი, ჩვენთვის ეს ძალიან მნიშვნელოვანი გზავნილია
ბერლინის კონგრესის ფარგლებში გაკეთდა საკმაოდ ძლიერი გზავნილები გაფართოებასთან დაკავშირებით და კონკრეტულად, საქართველოსთან მიმართებაში, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მაკა ბოჭორიშვილმა ბერლინში განაცხადა, სადაც ევროპელი სოციალ-დემოკრატების პარტიის კონგრესი გაიმართა.
საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის წევრი გამოეხმაურა კონგრესზე გერმანიის კანცლერ ოლაფ შოლცის მიერ გაკეთებულ განცხადებას.
ბოჭორიშვილის თქმით, როდესაც ოლაფ შოლცმა ისაუბრა ევროკავშირზე „ლისაბონიდან თბილისამდე“, განსაზღვრა ევროკავშირის მომავალი, რაც ქართველი დეპუტატის შეფასებით, არის ძალიან მნიშვნელოვანი გზავნილი.
„ზოგადად, ბერლინის კონგრესის ფარგლებში გაკეთდა საკმაოდ ძლიერი გზავნილები გაფართოებასთან დაკავშირებით და კონკრეტულად, საქართველოსთან მიმართებაში. აღსანიშნავია გერმანიის კანცლერის მხრიდან რამდენჯერმე გაკეთებული ძალიან მტკიცე გზავნილი საქართველოსთან მიმართებაში და ზოგადად, ევროკავშირის მომავალთან მიმართებაში. მან როდესაც ისაუბრა ევროკავშირზე ლისაბონიდან თბილისამდე, განსაზღვრა ასე ვთქვათ ევროკავშირის მომავალი და ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი გზავნილი ჩვენთვის, გამომდინარე იქიდან, რომ დღეს, როდესაც ევროპის პოლიტიკური ძალები მსჯელობენ ევროპის მომავალზე, ევროპის მომავალში იგულისხმება საქართველოს მომავალიც“, – განაცხადა ბოჭორიშვილმა.