მაკა ბოჭორიშვილი - რაც არ უნდა დააშინოთ საზოგადოება აბსურდით, კანდიდატის სტატუსის წართმევით ან უვიზო მიმოსვლის შეჩერებით, გამჭვირვალობას ვერასდროს აქცევთ რუსულ ფენომენად
მაკა ბოჭორიშვილი - რაც არ უნდა დააშინოთ საზოგადოება აბსურდით, კანდიდატის სტატუსის წართმევით ან უვიზო მიმოსვლის შეჩერებით, გამჭვირვალობას ვერასდროს აქცევთ რუსულ ფენომენად

რაც არ უნდა დააშინოთ საზოგადოება აბსურდით, კანდიდატის სტატუსის წართმევით ან უვიზო მიმოსვლის შეჩერებით, გამჭვირვალობას ვერასდროს აქცევთ რუსულ ფენომენად, – ამის შესახებ პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მაკა ბოჭორიშვილი სოციალურ ქსელში წერს.

როგორც ბოჭორიშვილი აღნიშნავს, „გამჭვირვალობა არის და იქნება დემოკრატიული საზოგადოების დაცვის ყველაზე მნიშვნელოვანი ინსტრუმენტი“.

„გამჭვირვალობის წინააღმდეგ წარმოებული ასეთი კამპანიების ფონზე, გამჭვირვალობის კანონის საჭიროება კიდევ უფრო ცხადი ხდება. საზოგადოების მოტყუებას დეზინფორმაციული კამპანიები აღარ ყოფნის და ახლა საზოგადოების შანტაჟი დაემატა მეტი ეფექტისთვის!

სირცხვილია, ვინც სამოქალაქო საზოგადოების სახელით ებრძვით იმას, რაც ჩვენი საზოგადოების ინფორმირებულობას ემსახურება! სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაცია სამოქალაქო საზოგადოებას არ უნდა უმალავდეს საქმიანობის წყაროს!

სირცხვილია, როდესაც სოციალურ ქსელებში პოსტების დაბლოკვასა და სიმართლის ჩახშობაში ხარჯავენ ორგანიზაციები ფულს, რომელიც, სავარაუდოდ, ამ ქვეყანაში სიტყვის თავისუფლების დასაცავად აქვთ მიღებული!

საზოგადოების დაცინვაა, როდესაც გამჭვირვალობას ებრძვი და თან ამბიცია გაქვს, პოლიტიკური გადაწყვეტილებების მიღებაში იყო ჩართული ყოველგვარი ლეგიტიმაციისა და პოლიტიკური პასუხისმგებლობის გარეშე!

სუვერენიტეტს ებრძვი, როდესაც ხალხის არჩეულ პარლამენტის წევრს უკრძალავ, იმსჯელოს და განიხილოს კანონპროექტი, რომელიც საზოგადოების ინფორმირებულობას ემსახურება!

რაც არ უნდა დააშინოთ საზოგადოება აბსურდით, კანდიდატის სტატუსის წართმევით ან უვიზო მიმოსვლის შეჩერებით, გამჭვირვალობას ვერასდროს აქცევთ რუსულ ფენომენად! გამჭვირვალობის წარმოჩენა, თითქოს ის დემოკრატიული სამყაროს წინააღმდეგ ინსტრუმენტად შეიძლება გამოიყენოს ვინმემ, დემოკრატიული სამყაროს შეურაცხყოფაა! გამჭვირვალობა არის და იქნება დემოკრატიული საზოგადოების დაცვის ყველაზე მნიშვნელოვანი ინსტრუმენტი!

ქვეყნის და საზოგადოების განვითარებაში და კეთილდღეობაში ჩადებული რესურსი დასამალი არ არის! ალოგიკურია საზოგადოებისთვის სასიკეთო საქმის დასამალად ასეთი გამალებული ბრძოლა! პირიქით, იცოდეს ჩვენმა საზოგადოებამ, ვინ დგას კარგი საქმის უკან, თუ ასეთი კეთდება!“ – წერს მაკა ბოჭორიშვილი სოციალურ ქსელში.