მაკა ბოჭორიშვილი - ქართველი ხალხის სუვერენული უფლებაა, ის ხელისუფლება ჰყავდეს, რომელსაც აირჩევს, რაც ლიეტუვის პრეზიდენტის გადასაწყვეტი არ არის
ქართველი ხალხის სუვერენული უფლებაა, ჰყავდეს ის ხელისუფლება, რომელსაც აირჩევს, რაც ლიეტუვის პრეზიდენტის გადასაწყვეტი არ არის, – ამის შესახებ ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, მაკა ბოჭორიშვილმა განაცხადა.
ბოჭორიშვილი ლიეტუვის პრეზიდენტის, გიტანას ნაუსედას განცხადებას გამოეხმაურა, სადაც მან აღნიშნა: „ საქართველოში კრიტიკულად მნიშვნელოვანი არჩევნები გაიმართება, ქვეყანა ახლანდელ სტატუს კვოს თუ შეინარჩუნებს, არ ვფიქრობ, რომ ევროინტეგრაციის გზაზე წინსვლის შანსები იქნება“.
„არანორმალური სიტუაციაა, როდესაც სხვა ქვეყნის ლიდერები ამდენ კომენტარს აკეთებენ იმაზე, ვინ უნდა იყოს ხელისუფლებაში. ახლახან იყო ლიეტუვაში არჩევნები და ერთი ქართველი პოლიტიკოსის განცხადება მაჩვენეთ, თუ გაგვიკეთებია რაიმე განცხადება იმის შესახებ, ვინ უნდა მართოს ლიეტუვა, მიუხედავად იმისა, მოგვწონს თუ არა ლიეტუვის ხელისუფლება და მიგვაჩნია თუ არა, რომ ის ხელისუფლება არის კარგი ხელისუფლება. ეს ჩვენ არ გვიკადრებია და არ ვკადრულობთ, რადგან საერთაშორისო ნორმებისა და პრინციპების დარღვევაა. უმჯობესი იქნება, სხვებიც თუ სცემენ პატივს საერთაშორისო ნორმებს და პრინციპს. ქართველი ხალხის სუვერენული უფლებაა, ჰყავდეს ის ხელისუფლება, რომელსაც აირჩევს და ეს ლიეტუვის პრეზიდენტის გადასაწყვეტი არ არის“, – განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.