მაკა ბოჭორიშვილი - პარლამენტის მხრიდან 12 რეკომენდაციაზე მუშაობა პრაქტიკულად დასრულებულია, მნიშვნელოვანია, ვიცოდეთ უკვე გადადგმული ნაბიჯების შეფასება ევროკავშირის მხრიდან
საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ბრიუსელში იმყოფება. პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, მაკა ბოჭორიშვილი შეხვედრებს ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის პირველ მოადგილესთან, ლევან ქარუმიძესთან ერთად მართავს.
მათივე ცნობით, ქართული მხარე კოლეგებს გატარებულ რეფორმებს აცნობს. ვიზიტის ფარგლებში, მაკა ბოჭორიშვილი ბელგიის, ესპანეთის, ლიეტუვისა და უნგრეთის წარმომადგენლებს შეხვდება. მოლაპარაკებების მთავარი თემა კანდიდატის სტატუსი და ქვეყნის ევროინტეგრაციაა.
„მნიშვნელოვანი პროცესი იწყება ევროკომისიაში, საქართველოს მიერ გადადგმული ნაბიჯების შესახებ უნდა გაკეთდეს ანგარიში, მომზადდეს ევროკომისიის შეფასება, რამაც უნდა შექმნას საფუძველი პოლიტიკური გადაწყვეტილებისთვის დეკემბერში. შესაბამისად, მნიშვნელოვანია, ამ პერიოდში ჩვენს პარტნიორებთან, ევროკომისიის შესაბამის სამსახურებთან აქტიური კომუნიკაცია და კავშირი, საქართველოს მიერ გადადგმული ნაბიჯების შესახებ სრული ინფორმაციის მიწოდება. ასევე, ევროკავშირის გაფართოებასთან დაკავშირებულ საკითხებზე მათი მოსაზრებების მოსმენა და რა მოლოდინები შეიძლება გვქონდეს, როგორც შეფასების, ასევე პოლიტიკური გადაწყვეტილების კუთხით, რომელიც დეკემბერში უნდა მიიღონ საქართველოსთან დაკავშირებით“,- განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.
მისი თქმით, პარლამენტის მხრიდან 12 რეკომენდაციაზე მუშაობა პრაქტიკულად დასრულებულია.
„ჩვენთვის მნიშვნელოვანია, ევროკომისიასთან განსაკუთრებულად აქტიურად ვიმუშაოთ, მივაწოდოთ ის ინფორმაცია, რაც საქართველომ ამ დრომდე 12 რეკომენდაციის შესრულების კუთხით გააკეთა და რაც მნიშვნელოვანი პროგრესია. საკანონმდებლო კუთხით, პარლამენტის მხრიდან შეგვიძლია ვთქვათ, რომ 12 რეკომენდაციაზე მუშაობა პრაქტიკულად დასრულებულია. პროცესი, რა თქმა უნდა, საკმაოდ ფართოა, ასევე ფართოა რეკომენდაციებიც. მნიშვნელოვანია, ვიცოდეთ უკვე გადადგმული ნაბიჯების შეფასება ევროკავშირის მხრიდან“, – განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.