მაკა ბოჭორიშვილი - ოპოზიციის მტკიცებით, რუსეთის ნაბიჯებს უნდა ჰქონდეს გავლენა და გადამწყვეტი მნიშვნელობა ევროკავშირის პოლიტიკურ გადაწყვეტილებებზე, რაც აბსურდის ტოლია
საქართველოს პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის, მაკა ბოჭორიშვილის განცხადებით, წარმოუდგენელია რუსეთის ხელისუფლების გადაწყვეტილებაზე პასუხისმგებლობის საქართველოს ხელისუფლებაზე დაკისრება.
ამასთან, მისი თქმით, აბსურდია ოპოზიციის განცხადებები, რომ ევროკავშირის პოლიტიკურ გადაწყვეტილებებზე რუსეთის ნაბიჯებს უნდა ჰქონდეს გავლენა და გადამწყვეტი მნიშვნელობა.
„წარმოუდგენელი რამაა საქართველოს ხელისუფლებაზე პასუხისმგებლობის დაკისრება, თუ რა გადაწყვეტილებებს მიიღებს პუტინი და რუსეთის ხელისუფლება. საქართველოს ევროკავშირთან ურთიერთობებში აქვს საკუთარი დღის წესრიგი, საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები ეფუძნება იმ ორმხრივ შეთანხმებებს, რაც ჩვენ გვაკავშირებს ევროკავშირთან. ჩვენი ოპოზიცია ამბობს, რომ თურმე საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობებში გადამწყვეტი სიტყვა აქვს რუსეთს, რასაც ვერ გავიზიარებ. მაშინ გამოდის, რომ აზრი არ ჰქონია არაფერს, რასაც საქართველო აკეთებს, მათ რომ ჰკითხოთ. საქართველო აგრძელებს რეფორმების განხორციელებას და დგამს იმ ნაბიჯებს, რაც ევროკავშირში ინტეგრაციას სჭირდება. ევროკავშირის მხრიდან ველოდებით გადაწყვეტილებებს საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციასთან დაკავშირებით. ჩვენი ოპოზიცია ამტკიცებს, რომ თურმე პუტინის და რუსეთის ნაბიჯებს უნდა ჰქონდეს გავლენა და გადამწყვეტი მნიშვნელობა ევროკავშირის პოლიტიკურ გადაწყვეტილებებზე, რაც აბსურდის ტოლია“, – განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.
რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა გუშინ გამოსცა განკარგულებები, რომლებიც საქართველოსთან სავიზო რეჟიმის გაუქმებას და პირდაპირი ფრენების აღდგენას ითვალისწინებს.