მაკა ბოჭორიშვილი - ოპოზიციის მტკიცება, რომ რეზოლუციის შესახებ „არ იცოდნენ“, ტყუილია, ვერ დავმალავდი ტექსტს, ოფიციალურად იყო დაგზავნილი პოლიტიკურ ჯგუფებთან
მაკა ბოჭორიშვილი - ოპოზიციის მტკიცება, რომ რეზოლუციის შესახებ „არ იცოდნენ“, ტყუილია, ვერ დავმალავდი ტექსტს, ოფიციალურად იყო დაგზავნილი პოლიტიკურ ჯგუფებთან

საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვის ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ საგანგებო რეზოლუციის ინიციატივა დავარეგისტრირე უკრაინისა და მოლდოვის დელეგაციების ხელმძღვანელებთან წინასწარი კონსულტაციის საფუძველზე, რომ ტექსტს ექნებოდა მათი მხარდაჭერა, – ამის შესახებ ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მაკა ბოჭორიშვილი საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვის ევროინტეგრაციის, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის დაცვისა და რუსული აგრესიის დაგმობის შესახებ მომზადებულ რეზოლუციასთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში წერს.

ბოჭორიშვილის განმარტებით, პროექტი სამ ქვეყანას ეხებოდა და ეს აუცილებელი ნაბიჯი იყო, რომ ტექსტი ასამბლეისთვის წარედგინათ.

ამასთან, მაკა ბოჭორიშვილის განცხადებით, ტყუილია ოპოზიციის მტკიცება, რომ არ იცოდნენ რეზოლუციის ტექსტის შესახებ. მაკა ბოჭორიშვილი ამბობს, რომ ოპოზიციის წარმომადგენლებს პირადად შესთავაზა, ხელი მოეწერათ ინიციატივისთვის.

„მართლაც რომ დამალვა მდომებოდა, ვერ დავმალავდი უკვე დარეგისტრირებულ ტექსტს, რადგან ოფიციალურად იყო დაგზავნილი პოლიტიკურ ჯგუფებთან. როგორც თავად აღიარებენ, თურმე ცვლილება უნდოდათ ტექსტში, რაც ადასტურებს, რომ იცოდნენ და წაკითხულიც ჰქონდათ (აბა, ისე რის შეცვლას აპირებდნენ, გაუგებარია). პირადად მქონდა მათთან შეთავაზება, რომ ხელი მოეწერათ ინიციატივისთვის.

პირადად ჩემი საუბრის და შეთავაზების გარდა, დღის განმავლობაში დელეგაციის სამდივნომ რამდენჯერმე შეახსენა ოპოზიციის ყველა წარმომადგენელს ხელმოწერის საკითხი, თუმცა მათგან დასტური არ მიგვიღია. ოპოზიციის მცდელობა, წარმოაჩინონ, თითქოს ათი მხარდამჭერი ვერ ვიშოვე ამხელა ევროპარლამენტში, არის აბსურდული უცოდინარობა. საქართველოს, მოლდოვის და უკრაინის ინიციატივას სჭირდებოდა ხელმოწერები ამ სამი დელეგაციიდან და არა სრულიად ევროპარლამენტიდან, რაც მარტივი იქნებოდა, რომ არა უკრაინის დელეგაციის და ქართული ოპოზიციის უარი ხელმოწერაზე. სწორედ მათი უარის გამო „ევრონესტის“ ბიურომ ვეღარ წარადგინა რეზოლუციის ტექსტი სესიაზე, რადგან მას ჰქონდა ინიციატორი სამი დელეგაციიდან მხოლოდ რვა ხელმოწერა: ხუთი – საქართველოს დელეგაციიდან (მხოლოდ „ქართული ოცნების“ წევრების) და სამი – მოლდოვის დელეგაციიდან. ოპოზიციის სახე ახალი აღმოჩენა ნამდვილად არ ყოფილა ჩემთვის, მაგრამ ამ დონის პოლიტიკურ უმეცრებასაც არ მოველოდი. თურმე „ქართულმა ოცნებამ“ უნდა დაუღეჭოს, დაუმარცვლოს, ეხვეწოს, ემუდაროს ოპოზიციას, რომ საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციას იქნებ როგორმე სადმე მხარი დაუჭირონ.

პოლიტიკურად სწორად მოაზროვნე ადამიანი შეთავაზებას არც კი დაელოდებოდა, თვითონ მოითხოვდა, ხელი მომაწერინეთ საქართველოს სასიკეთო ტექსტზეო. თურმე ევროპარლამენტარებს უნდა მოეწერათ ხელი, ჩვენ რას გვიყურებდითო… ოპოზიციის „რკინის ლოგიკა“ გვეუბნება, საქართველოს ინტერესების დაცვა სხვას უფრო ევალება, ვიდრე მათ. არადა, ევროპარლამენტარების ვალდებულება თავიანთი ამომრჩევლის, საკუთარი ქვეყნის ინტერესის დაცვაა და არანაირად არ ევალებათ მათ სხვაზე ფიქრი და ზრუნვა. ის კი მაინტერესებს, რისი შეცვლა უნდოდათ. ალბათ ამ ცვლილების კარნახსაც სხვისგან ელოდნენ, დროულად ამიტომ ვერ წარმოადგინეს, რისი შეცვლა უნდოდათ ტექსტში. რაც უნდა ხმამაღლა ილაპარაკონ და იმართლონ ახლა თავი, ფაქტი დარჩება ჯიუტ ფაქტად: ოპოზიციას ჰქონდა შესაძლებლობა, ხელი მოეწერა საქართველოს ევროპული მომავლის შესახებ რეზოლუციაზე და ეს არ გააკეთა. რაც უნდა ეცადოთ ხელის შეშლას, მაინც გავაგრძელებ საქართველოს ინტერესების დაცვას, სადაც ხელი მიმიწვდება“,  – წერს მაკა ბოჭორიშვილი სოციალურ ქსელში.

„ევრონესტის“ ასამბლეაზე საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვის ევროპულ პერსპექტივაზე რეზოლუციის ინიცირება ვერ მოხდა ქართული ოპოზიციისა და უკრაინის დელეგაციის ხელმოწერების არქონის გამო. ოპოზიციიდან დელეგაციაში შედიოდნენ: გიორგი ვაშაძე, გიორგი ბოტკოველი, ანა წითლიძე და თამარ კორძაია.

რეზოლუცია, რომლის ინიცირებაც ვერ მოხერხდა, მოიცავს საქართველოს, მოლდოვისა და უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის, ევროკავშირში გაწევრიანების პერსპექტივის მხარდაჭერას, მოწოდებას რუსეთისადმი, გაიყვანოს სამხედრო ძალები საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიიდან, უკრაინაში სამხედრო მოქმედებების დაუყოვნებლივ შეწყვეტის საკითხს.