მაკა ბოჭორიშვილი - ოპოზიციის მიერ „ვეტინგის“ თემის წამოწევა ადასტურებს ეჭვებს, რომ მათ აქვთ სურვილი, გარკვეული გავლენები შემოიტანონ სასამართლო ხელისუფლებაში
მაკა ბოჭორიშვილი - ოპოზიციის მიერ „ვეტინგის“ თემის წამოწევა ადასტურებს ეჭვებს, რომ მათ აქვთ სურვილი, გარკვეული გავლენები შემოიტანონ სასამართლო ხელისუფლებაში

სასამართლო ხელისუფლება არის სწორედ ხელისუფლების ის ერთ-ერთი შტო, რომლის დამოუკიდებლობა ნამდვილად არის ქვეყნის სუვერენიტეტის უმთავრესი საფუძველი, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, მაკა ბოჭორიშვილმა განაცხადა, რომელმაც კომენტარი გააკეთა მოსამართლეთა კეთილსინდისიერების შემოწმების საგანგებო პროცედურასთან, ე.წ. ვეტინგის სისტემასთან დაკავშირებით.

მისი თქმით, ნებისმიერი საკითხი, რამაც შეიძლება კითხვის ნიშანი დასვას სასამართლოს თავისუფლებასა და დამოუკიდებლობასთან დაკავშირებით, საქართველოს ხელისუფლებისთვის მიუღებელია.

„პირველ რიგში, ქვეყნის ხელისუფლებისთვის უმთავრესია ის, რომ საქართველოს სუვერენიტეტს არ შეექმნას არანაირი საფრთხე და საქართველომ შეინარჩუნოს სუვერენიტეტი და იყოს სუვერენული სახელმწიფო. ეს არის პირველი და მთავარი, რაც ჩვენი ხელისუფლების მიზანია ჩვენი მმართველობის პერიოდში.

სასამართლო ხელისუფლება არის სწორედ ხელისუფლების ის ერთ-ერთი შტო, რომლის დამოუკიდებლობა ნამდვილად არის ქვეყნის სუვერენიტეტის უმთავრესი საფუძველი. აქედან გამომდინარე, ნებისმიერი საკითხი, რამაც შეიძლება კითხვის ნიშანი დასვას სასამართლოს თავისუფლებასა და დამოუკიდებლობასთან დაკავშირებით, ჩვენთვის მიუღებელია. რაც შეეხება „ვეტინგის“ თემას, რომელიც წამოწიეს ოპოზიციის წარმომადგენლებმა და თითქოს ეს არის იდეალური, რაც შეძლება საქართველოს სასამართლო სისტემაში მოხდეს, ეს ადასტურებს იმ ეჭვებს, რომ მათ აქვთ სურვილი, სასამართლოს თავისუფლება და დამოუკიდებლობა კი არ იყოს უზრუნველყოფილი, არამედ გარკვეული გავლენები შემოიტანონ სასამართლო ხელისუფლებაში. ეს სათავისოდ მოახდენს გავლენას სასამართლო ხელისუფლებაზე და დააბრუნებს სასამართლო ხელისუფლებას იქ, სადაც ვიყავით 10-12 წლის წინ“, – განაცხადა ბოჭორიშვილმა.